არსებული ინფორმაციით, ყვარელში მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირების ოჯახებს ადგილობრივებმა სოფელი დაატოვებინეს
გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირების ოჯახებმა სოფელი დატოვეს.
ადგილობრივების თქმით, ასეთი ფაქტი მათ სოფელში არასდროს მომხდარა და მსგავსი პირები მოსახლეობაში არ უნდა იყვნენ. მათივე ცნობით, ერთ-ერთ ბრალდებულს, სანამ პოლიცია დააკავებდა, სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.
„ადგილობრივებმა, როგორც კი გაიგო ამ ფაქტის შესახებ, ერთ-ერთი პირი სახლიდან გამოიყვანეს, წაიყვანეს და სცემეს. მეორე უკვე დაკავებული იყო. არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. დიდი ხანია ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა, ყველა გაოგნებულები ვართ“, – აღნიშნა ადგილობრივმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი