UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა
საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. მათივე ცნობით, “დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.
„ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან დაიწყო. შეირჩა კახეთის რეგიონი. ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, განვითარდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. ამავე დროს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო ანალოგიური პროცესი. ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები; რომ არა ასეთი მხარდაჭერა, შედეგის მიღება რთული იქნებოდა. შედეგად კი, 15 ივნისს იუნესკოს მიერ მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ყოველწლიურად აფართოებს დაცულ ტერიტორიებს და მიმდინარე წელს ფართობი კიდევ 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე ინიცირებული კანონპროექტების თანახმად იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ UNESCO-ს მიერ ორი დაცული ტერიტორიის ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეტანა, ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ტურისტული რეკრეაციული მიზნებისა და ზოგადად ლანდშაფტის დაცვის თვალსაზრისით.
„ეს არის იუნესკოს მიერ აღიარებული პირველი ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში – “დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი”. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის, გერმანიის მთავრობის, ზუკოვის ფონდის, GIZ-ისა და საქართველოს მთავრობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი უკვე სახეზეა. პროექტის მიზანია მიწის, ბუნებისა და ბიოსფეროს ჰარმონიზება“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, თელავის, ახმეტისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.