მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობის ეტაპობრივი ზრდა 1-ლი იანვრიდან იგეგმება
2023 წლის პირველი იანვრიდან, მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობის ეტაპობრივი ზრდა იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევების გარდა, გაიზრდება მოსაკრებლის ოდენობა მშენებლობის ნებართვისთვის ოთხი ლარიდან არაუმეტეს 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – ხუთი ლარიდან არაუმეტეს 11 ლარამდე.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას ეტაპობრივად – 2023 წლიდან ექვს ლარამდე იქნება, 2024 წლიდან რვა ლარამდე და 2025 წლიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლიდან შვიდ ლარამდე, 2024 წლიდან ცხრა ლარამდე და 2025 წლიდან – 11 ლარამდე.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მოსაკრებლის ოდენობის ზრდაზე საბოლოოდ გადაწყვეტილება შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს. ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, ლევან მგალობლიშვილი და გოჩა ენუქიძე.