საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო დაფუძნდება
საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო დაფუძნდება. სააგენტო ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ივლისში დაიწყებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, სააგენტოს ძირითადი ამოცანები იქნება ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტების და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობა; ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლა და შესაბამისი გენგეგმების მომზადება; აღნიშნული ადგილების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა და განვითარების ხელშეწყობა; ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა, პროცესის ხელშეწყობა.
“ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რასაც მოყვება შემოსავლების ზრდაც. თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს ქვეყანაში”, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც უწყებაში ამბობენ, ქვეყანაში 300-მდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის არის ეკონომიკის დამატებით სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.