რუსეთი შესაძლოა გამოცხადდეს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის ინიციატორი იყო რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი. მის წინადადებას დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციით, რომლის ინიცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მაისში მოხდა, რუსეთი უნდა დაემატოს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების ჩამონათვალს. რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ სენატის სხდომაზე, თუმცა, როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა, კრის კუნსმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.
რესპუბლიკელი სენატორის, ჯეიმს რიშის თქმით, რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, ტეორორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. რიშის შეფასებით, ის, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემით გააკეთა, ტერორისტული აქტი იყო. სენატორი რიში მიიჩნევს, რომ სენატში, საერთო კენჭისყრისას, რეზოლუციას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება და საკითხს დიდი ყურადღებით მიუდგება სახელმწიფო მდივანიც. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამჟამად ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.