ახალი ამბები

ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო ხელფასი ერთ წელიწადში, რეალურად მხოლოდ 30 ლარით გაიზარდა

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 2022 წლის პირველ კვარტალში 15.1%-ით 1447 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელზე ასაღებ 1135 ლარს უდრის. ბოლო ერთ წელიწადში ხელზე ასაღები ხელფასი 150 ლარით, ინფლაციის გათვალისწინებით კი მხოლოდ 30 ლარით გაიზარდა.

ყველაზე მაღალი ნომინალური ხელფასი – 3038 ლარი საფინანსო სფეროში დაფიქსირდა. ამ მიმართულებით შრომის ანაზღაურება 24.1%-ით გაიზარდა. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში ხელფასის მოცულობამ 2240 ლარი შეადგინა, პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით – 1965 ლარი. ქალების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1185 ლარი შეადგინა (ხელზე ასაღები 853 ლარი), კაცების ხელფასმა 1695 ლარი (ხელზე ასაღები 1220 ლარი). სქესის გარდა შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება დასახლებული პუნქტების მიხედვით, თუ თბილისში საშუალო ნომინალური ხელფასი 1675 ლარს შეადგენს, იმერეთში ის 1050 ლარია, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 772 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელიწადში ნომინალური ხელფასი 190 ლარით, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი 150 ლარით გაიზარდა, ორნიშნა ინფლაციის გამო გაზრდილი ანაზღაურების უდიდესი ნაწილი დაიკარგა. საქსტატის კალკულატორის მიხევით, მარტში 1135 ლარად იმდენივე პროდუქციისა და მომსახურების შეძენა იყო შესაძლებელი, რამდენისთვისაც გასული წლის მარტში 1015 ლარი იქნებოდა საკმარისი, შესაბამისად ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ხელფასი მხოლოდ 30 ლარით გაიზარდა.