როგორ მუშაობს ახალგაზრდების მიერ შექმნილი იორმუღანლოს სათემო ცენტრი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ერთი წელია ახალგაზრდებმა სათემო ცენტრი შექმნეს და მოქალაქეების არაფორმალური განათლების მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყეს.
სათემო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თოზუ გულმამედლი აცხადებს, რომ ცენტრი ოთხმა ახალგაზრდამ შექმნა და იორმუღანლოს თემის სოფლებში დღემდე აქტიურად მუშაობენ. მისი თქმით, მანამდე მსგავსი ცენტრი და ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილი თემში არარსებობდა.
„იდეა გაჩნდა რამდენიმე წლის წინ. მანამდე იორმუღანლოელ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების საშუალება საერთოდ არ ჰქონდათ, რადგან გარკვეულწილად ჩაკეტილი თემი ვართ. იორმუღანლოს თემში ადრეც იყო და ჯერ კიდევ არის ბევრი გამოწვევა, როგორიცაა მაგალითად ქართული ენის პრობლემა და სხვა. ამიტომ ვიფიქრეთ კარგი იქნებოდა სკოლის გარდა დამატებით განათლების მიღება აქ მცხოვრებლებისთვის. ოთხი დამფუძნებელი ვართ, თავიდან ჩავატარეთ შეხვედრები მასწავლებლებთან, რომ გაგვეგო ახალგაზრდებს რა სჭირდებოდათ. სათემო ცენტრი ძირითადად მორგებულია სკოლის მოსწავლეებზე, აბიტურიენტებზე, რათა დავეხმაროთ მათ განათლების მიღებაში,”- განაცხადა თოზუ გულმამედლიმ.
თოზუ ამბობს, რომ ოფისის არ ქონის გამო, შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ხშირად საკუთარ სახლში ან ონლაინ პლატფორმის მეშვეობით აწყობენ.
„ოფისი სამწუხაროდ არ გვაქვს, ძირითადად საკუთარ სახლში ვატარებთ ან ღია სივრცეში შეხვედრებს. ფინანსებს რაც შეეხება, ადვილად ვახერხებთ ფინანსების მოძიებას, რადგან თვითონ თემი გვეხმარება და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ყველა მოქალაქე იყოს ჩართული”,- განაცხადა თოზუმ.
ახალგაზრდა აცხადებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ შეძლო გაეკეთებინა ქართული ენის უფასო სამ თვიანი კურსი, რომლის მეშვეობითაც იორმუღანლოელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ ესწავლათ ენა ან გაეღრმავებინათ ცოდნა.
„ორგანიზაციამ გააკეთა ქართული ენის სასაუბრო კურსი, ასევე შეხვედრების ციკლი, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, გენდერული თანასწორობა. ასევე, ახლა გავაკეთეთ წიგნის მოყვარულთა კლუბი. ჩვენი ძირითადი მიზანი, არის ქართული ენის სწავლება, ახალგაზრდების გაძლიერება და ინტეგრაცია. სამომავლოდ გვინდა გვქონდეს ოფისი, სადაც იქნება ბიბლიოთეკა, ქართულენოვანი წიგნების და შეძლებს მოსახლეობა ამ სივრცის ათვისებას. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ, დიდი სირთულეებით, ამიტომ გვინდა სხვას გავუადვლოთ განათლების მიღება და საზოგადოებაში ინტეგრაცია “,- აღნიშნა თოზუ გულმამედლიმ.