საქართველოში მეოთხე დოზა კოვიდ-ვაქცინის გაკეთება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დასაშვები გახდა
გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დამატებითი ბუსტერ დოზის – მეოთხე დოზის გაკეთება დღეიდან დაშვებული გახდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა.
ბრძანების თანახმად, ცვლილება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანება შევიდა და მას დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტები:
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდეს:50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს, განსაკუთრებული რეკომენდაცია იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრებ პირებს; 12-49 წლის ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.
ამასთან, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე ბუსტერდოზა ტარდება ამცრელი დაწესებულებისთვის ექიმის მიმართვის წარდგენის საფუძველზე, ხოლო 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში – დაავადების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს.
ვაქცინის მეორე ბუსტერდოზის ჩატარება 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად.
მოგზაურობის მიზნებისთვის მეორე ბუსტერდოზის ჩასატარებლად, მოქალაქემ ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ბილეთის ჯავშანი.
ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს პირველი ბუსტერდოზით ვაქცინაციის დასრულებიდან სულ მცირე ოთხი თვის შემდეგ. მეორე ბუსტერდოზად შესაძლებელია, გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.