თელავში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა-ფოტოები
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ინიციატივით, ევროკავშირის პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ თელავში მსვლელობა გაიმართა.
აქტივობა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან დაიწყო და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდა.
მასში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, აღნიშნული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა მიიღეს. მშვიდობიანი მსვლელობის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
“დღევანდელ დღეს ყოველთვის ავღნიშნავდით სხვა და სხვა ქალაქებში, ახლა ვეწვიეთ კახეთს და დღეს გვინდა ამ რეგინოს მივაქციოთ ყურადღება, ადამიანებს რომლებიც არიან საზოგადოების სრულიფლებიანი წევრები, საზოგადოებას აქვს გარკვეული ბარიერები შექმნილი, ამიტომ ჩვენი მიზანია გავაგებინოთ, რომ შეცვალონ გარემო, შევცვალოთ გარემო ერთად.“– განაცხადა knews.ge-თან გიორგი ძნელაძემ “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” თავმჯდომარემ.