გარეჯის საქმის პროკურორი-ბრალდებულებმა, ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა დანაშაული ჩაიდინეს
დავით გარეჯის საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის განცხადებით, ბრალდებულებმა, ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა დანაშაული ჩაიდინეს.
პროკურორის განმარტებითვე, ის ალბომები, რაც საფუძვლად ედებოდა ორმხრივ შეთანხმებებს, ექსპერტთა ჯგუფის მიერ, ბრალდებულების მონაწილეობით იყო შედგენილი. მუჯირის განცხადებით, სწორედ ეს პოზიცია საბოლოო ჯამში არღვევდა სახელმწიფო ინტერესს.
„დღეს წარმოდგენილმა მოწმეებმა გაამყარეს ბრალდების მხარის პოზიცია. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ასევე, საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომელიც მონაწილეობას იღებდა კომისიის ორმხრივ შეხვედრებში. მათ აღწერეს ის ფუნქციები და ის მოვალეობები, რომელიც კომისიის წევრების წინაშე იმ მომენტისთვის იყო და მათი ჩვენებებით დგინდება, რომ ის ალბომები, რაც საფუძვლად ედებოდა ორმხრივ შეთანხმებებს, შედგენილი იყო ექსპერტთა ჯგუფის მიერ სწორედ ბრალდებულების მონაწილეობით. სწორედ ეს ქმედება და მათ მიერ შეთანხმებული, გამოხატული სახელმწიფო პოზიცია საბოლოო ჯამში არღვევდა სახელმწიფო ინტერესს იმგვარად, რომ საფრთხე ექმნებოდა სახელმწიფო ტერიტორიის ხელშეუხებლობას. სწორედ ამიტომ, ეს კონკრეტული მტკიცებულებები ბრალდების მხარის მტკიცებულებებია, ვინაიდან კომისიაში გამოიკვეთა კონკრეტული წევრები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ. კომისიის წევრებს გააჩნდათ თავიანთი ფუნქცია და მოვალეობები, ისინი ჩართული იყვნენ თანამდებობრივად და კონკრეტული კომპეტენცია გააჩნდათ. საზღვრის დადგენის მომენტში, ვგულისხმობ კარტოგრაფიულ ნაწილში, საზღვრის დადგენის ნაწილში და ამ საკითხში კომპეტენტურები იყვნენ წარმოდგენილი ბრალდებულები. სწორედ ეს გახლავთ სახელმწიფო ბრალდება, რომ სწორედ ის პირები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ბრალდებულის სტატუსით არიან წარმოდგენილი, მათ ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ტერიტორიის ხელშეუხებლობის დარღვევისკენ.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც კატეგორიული და ცალსახაა. კომისიას სრული, სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა ეხელმძღვანელა საქართველოს პოზიციების გამომხატველი საუკეთესო რუკებით, რაც ამ შემთხვევაში გაკეთებული არ იყო და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებები მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ საზღვრის შეთანხმებისაკენ, რაც დადასტურებული აქვს ბრალდების მხარეს კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით“, – განაცხადა მუჯირმა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.