ინვესტორთა საბჭო საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად ევროკომისიას მიმართავს
ინვესტორთა საბჭოს წევრმა ბიზნეს ასოციაციებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, ერთობლივი ღია წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს და პირობა დადეს, რომ ქვეყანას წევრობის გზაზე განსახორციელებელ რეფორმებში დაეხმარებიან.
“მოგმართავთ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სახელით, რომელიც აერთიანებს ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს ასოციაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურად ორიენტირებულ კომპონენტებს. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს განაცხადის მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებაზე”, – აღნიშნულია წერილში.
ტექსტის ავტორების თქმით, საქართველოსთვის უკრაინაში ჩადენილი სისასტიკე ნაცნობი ტრავმაა.
“ნათელია, რომ ახლა არის ყველა იმ ქვეყნის ერთიანობის დრო, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებენ. ეს ერთიანობა თვალსაჩინოა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის კოალიციის სახით. ეს ერთიანობა უნდა გავრცელდეს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას და იქნება სიგნალი ამ ქვეყნებისთვის, რომ EU აღიარებს მათ ბრძოლას და მხარს უჭერს მათ მიზანს, შეინარჩუნონ დამოუკიდებელი, დასავლური დემოკრატია”, – ნათქვამია მიმართვაში.
წერილში ორგანიზაციები ადასტურებენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს და განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას.
“ყველას გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით ჩვენი სამუშაო იწყება. მოლაპარაკებები, რომლებიც მას მოსდევს და წინაპირობები, რომლებიც წევრობისთვის განისაზღვრება, ქვეყნისთვის რეფორმების მნიშვნელოვან გეგმას აყალიბებს.
საქართველოს შეუძლია და დაძლევს ამ გამოწვევას. მრავალი წლის განმავლობაში საქართველო აღიარებული იყო, როგორც ლიდერი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაში. ინვესტორთა საბჭო მაშინ აქტიურად მუშაობდა ამ მრავალ საკითხზე და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გავაორმაგებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა EU-ს სრული წევრობის დადგენილი წინაპირობების შესრულებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები შევასრულოთ. გვჯერა, რომ ეს მოიცავს მნიშვნელოვან გამოწვევებს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მათი შესრულებას შევძლებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
წერილის ბოლოს აღნიშნულია, რომ დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ასევე საკუთარი არჩევანის დაცვაში, მხარდაჭერა სამივე ქვეყანას სჭირდება.
წერილს ხელს აწერენ: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, AMCHAM, EUGBC, ICC, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, გერმანიის ეკონომიკური კავშირი, თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია.
გუშინ, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები უკრაინისა და მოლდოვის EU-ს კანდიდატობას მხარს უჭერენ და მოუწოდებენ ევროკავშირს, “იმუშაოს საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე”.