ახალი ამბები

პოლიციამ სოფელ აკურაში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.გ. დააკავეს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს – 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას – 1954 წელს დაბადებულ ე.მ.-ს და საკუთარ შვილს – 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში დააკავეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.