როგორ ხვდება თუშეთი ტურისტულ სეზონს
თუშეთი თავისი მთებით, მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლებით, უძველესი სტილით ნაგები სახლებით, ულამაზესი ბუნებით და ტრადიციული კერძებით ყოველთვის იქცევდა ქართველი და უცხოელი ვიზიტორების ყურადღებას.
თუშეთში რომ მოხვდე, საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი გზა (2917მ) უნდა გადაკვეთო “აბანოს” უღელტეხილზე. მისი სოფლები განლაგებულია ზღვის დონიდან 1900მ-დან 2400 მეტრზე. ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები კი რომლებიც თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა თავდასხმებისგან თავის დასაღწევად, ყველას ინტერესს იწვევს. მის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს გრძელი გზის გავლა უწევთ.
გარდა ამისა, თუშეთი განთქმულია თავისი მეცხვარეობით და სამზარეულოთი. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს თუშეთს მეტი ტურისტი სტუმრობს. გასული წლების მსგავსად, აქ წელს ტურისტების რიცხვის ზრდას ელოდებიან. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი აცხადებს, რომ ისევე როგორც კახეთის რეგიონი, თუშეთიც ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება.
,,თუშეთის გზა გაიხსნა და უკვე ვიზიტორებს აქვთ საშუალება დაისვენონ უსაფრთხოდ. გარდა ამისა, მალე დაიწყება სხვადასხვა მიმართულებით შიდა ფრენები თელავის აეროპორტიდან და ეს რათქმაუნდა რეგიონში მეტ ტურისტს მოიზიდავს. ისინი ამის დახმარებით შეძლებენ მოკლე დროში მოინახულონ სხვადასხვა ადგილები. გარდა ამისა, ჩვენ ტურიზმის კუთხით მოქმედი მცირე ბიზნესის გაძლიერებისთვის, არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით და სხვა სახელმწიფო პროგრამებით ვცდილობთ მეტი შესაძლებლობები შევქმნათ რეგიონში, რაც ტურიზმს განავითარებს და ეს საშუალებას მოგვცემს დასაქმების და ეკონომიკური განვითარების”,- განაცხადა რადიო ,,კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში ირაკლი შიოშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური განმარტავს, რომ ოფიციალურად თუშეთის გზა 5 ივნისს გაიხსნა ვიზიტორებისთვის, თუმცა მანამდე და მას შემდეგაც უამინდობის გამო დაზიანებული გზის მონაკვეთების გაწმენდა ხორციელდება.
მისი თქმით, თუშეთში ტურისტებს შეეძლებათ ისარგებლონ სხვადახვა სათავგადასავლო ტურებით, სადაც შეძლებენ ნახონ თემის სოფლებში შემავალი ინფრასტრუქტურა, უძველესი ისტორიული ძეგლები, დააგემოვნონ კერძები, დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები, ესტუმრონ საოჯახო მეურნეობებს და აგროტურისტულ ცენტრებს.
,,თუშეთის გზა უკვე გაიხსნა , მაგრამ პრობლემა შეიქმნა, რომ გზასთან ახლოსვე მდებარე ტბაში წყლის დონე იყო გაზრდილი უამინდობის გამო და გადმოდიოდა, ეს კი ქმნიდა გადაადგილების პრობლემას. ამ დროისთვის წყლის დონემ დაიწია და პრობლემა მოხსნილია. გზა არის კარგ მდგომარეობაში და არაფერი პრობლემა არ არის, თუმცა, ერთ ადგილზე, გზის 58-59 კილომეტრზე მცირე პრობლემაა და ტექნიკა უკვე მობილიზებულია პრობლემის მოსაგვარებლად. დიდ მანქანას შეიძლება გაუჭირდეს, თუმცა პატარა მანქანა ჩვეულებრივ გაივლის. ამ მიმართულებით ამ დღეებში ჩატარდება სამუშაოები და პრობლემა მოისხსნება.
რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, გზა ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი და მანამდე იყვნენ ტურისტები, რომლებიც პროფესიულ-სამეცნიერო სამუშაოებზე იყვნენ ჩამოსულები. გარდა ამისა, წელს ველოდებით ტურისტების რიცხვის ზრდას. შარშან, პანდემიის გამო ამ კუთხით იყო პრობლემები და წელს იმედი გვაქვს აღმოიფხვრება. ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებით. მათ სხვადასხვა სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ,: ეს არის: სათავგადასავლო, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურები, ამით ადგილობრივები არიან დაკავებული. ასევე არის საოჯახო სასტუმროები და სხვადასხვა აგროტურისტული ცენტრები”,– განუცხადა Knews.ge-ს ალექსი ფიცხელაურმა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში თუშეთში, ივანაურთას მხარის სოფლების მიმართულებით, სამანქანე გზის გაჭრა მოხდება, რაც მეტ ტურისტულ შესაძლებლობებს შექმნის.
,,ნებართვა მიღებული გვაქვს და ამ დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს ივანაურთას მხარის სოფლების მიმართულებით სამანქანე გზის გაჭრას. აქ სამანქანო გზა არასდროს ყოფილა. სოფლებში 3 სართულიანი სახლებია, ბევრი ისტორიული ძეგლი. გარდა ამისა, ხალხი ცხოვრობს და მათ ცხენებით უწევთ გადაადგილება”,- განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა.
აღსანიშნავია, რომ თუშეთის ბუნება, უძველესი სტილით ნაგები სახლები, ტრადიციული სამზარეულო და ისტორიული ძეგლები ქართველი და უცხოელი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს, ისინი ძირითადად სამანქანო გზით სარგებლობენ. გარდა კერძო პირებისა, თუშეთის დათვალიერების მსურველებს სხვადასხვა სახის და ხანგრძლივობის ტურებს სთავაზობენ ტურისტული სააგენტოები.
გასულ წელს CNN-მა საქართველოში თუშეთი 10 საოცნებო ადგილს შორის დაასახელა. როგორც სტატიის ავტორი წერს, მსურველებს თუშეთში სხვადასხვა ადგილების ნახვა შეუძლიათ. საუბარია დართლოზე, რომელიც თუშეთის ნაწილია და სადაც ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.