ევროკავშირში ყველა ტელეფონს, პლანშეტსა და კამერას ერთნაირი დასატენი პორტი უნდა ჰქონდეს
მობილური ტელეფონის დატენვა მალე მილიონობით ევროპელი მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახდება – ევროკავშირის კანონმდებლები შეთანხმდნენ რომ ყველა ტელეფონს, პლანშეტსა და კამერას ერთნაირი დასატენი პორტი უნდა ჰქონდეს.
ცვლილებას დიდი გავლენა ექნება Apple-ზე, რადგან 2024 წლიდან მობილური ტელეფონების გაყიდვა მხოლოდ USB-C ტიპის დასატენი პორტით იქნება დაშვებული, შესაბამისად ამერიკულ კომპანიას კონექტორის შეცვლა მოუწევს.
ევროპული კომისიის კვლევის თანახმად, 2018 წელს გაყიდული მობილური ტელეფონების ნახევარს ჰქონდა USB micro-B დასატენი პორტი, 29%-ს ჰქონდა USB-C კონექტორი და 21%-ს Lightning (Iphone) კონექტორი.
ლეპტოპები კანონმდებლობას მისი ძალაში შესვლიდან 40 თვის განმავლობაში უნდა დაემორჩილონ. ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას მომავალში ექნება უფლება მოახდინოს უსადენო დატენვის სისტემების ჰარმონიზაცია.
Apple, რომელიც კანონმდებლობის მიღებამდე აცხადებდა, რომ წინადადება დააზარალებს ინოვაციებს და შექმნის ელექტრონული ნარჩენების მთას, ცვლილებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.