ახალი ამბები

ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის – “რადიო თავისუფლება” განცხადების პროექტზე

ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განცხადების პროექტში ვკითხულობთ:

“პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა – თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან – ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით”.

ამასთან, “რადიო თავისუფლება” განმარტავს: “წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა, მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება”.