სოფელ ტიბაანში ჯანჯაფილის საცდელი მეურნეობა მოეწყო
სიღნაღში, სოფელ ტიბაანში USAID-ის ხელშეწყობით ჯანჯაფილის საცდელი მეურნეობა მოეწყო.
მეწარმე მალხაზ ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯერ ჯანჯაფილის წარმოების პრაქტიკა არ არსებობს, შესაბამისად ეს პირველი გამოცდილება იქნება. მეურნე აღნიშნავს, რომ საპილოტე პროექტი USAID-ის და კერძო მეურნის ფინანსური რესურსით ხორციელდება.
„USAID-ის პროგრამით ჩვენს მეურნეობას ჯანჯაფილის თესლი და სათბილობელი გადმოგვეცა. ვინაიდან საქართველოში ამ კულტურის მოყვანის პრაქტიკა არ გვაქვს, ამავე პროგრამით ჩვენ USAID-ისგან უფასო კონსულტაციებსა და ინსტრუქციებს ვიღებთ. აგვისტოსთვის კი პირველ მოსავალს დაველოდებით. ჯანჯაფილი საკმაოდ მაღალმოსავლიანი კულტურაა და მოსავლის აღება წელიწადში რამდენჯერმე ხდება. შედეგად წელს ამ ფართობიდან 10 ტონამდე ჯანჯაფილის მოსავალს ველით“,- განმარტა BM.GE-სთან საუბრისას მალხაზ ბიძინაშვილმა.
დღეს ჯანჯაფილის ღირებულება 19-22 ლარია. ჯანჯაფილი, ანუ კოჭა კულინარიასა და მედიცინაში ფართოდ გამოიყენება და ის ტკივილისა და ანთებით პროცესებს ამცირებს.