სიღნაღში არტიშოკის წარმოება დაიწყეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მცხოვრებმა მალხაზ ბიძინაშვილმა 1 ჰექტარ ფართობზე არტიშოკის ბაღი გააშენა.
მისი თქმით, არტიშოკის ბაღი გასულ წელს ევროკავშირის 5 000-ლარიანი გრანტით გააშენა და ბაღისთვის საჭირო მცირე ტექნიკა სწორედ ამ ფინანსური რესურსით შეიძინა. მისი თქმით, იმოს გამო რომ პროდუქტზე მოYხივნა ყოველდღიურად იზრდება, წელს ბაღის გაფართოება გადაწყვიტა.
„ახალი მოსავლის აღებას 1 თვეში დავიწყებთ და იმის გათვალისწინებით, რომ არტიშოკის მოკრეფა წელიწადში რამდენჯერმე ხდება, წლიურად ჯამში 6 ტონამდე მოსავალს ველით.
პროდუქცია დღეისთვის Geo Artichoke-ის ფეისბუქ-გვერდის ონლაინ შეკვეთის მეშვეობით იყიდება. მოლაპარაკებებს გუდვილთან, კარფურთან და აგროჰაბთან ვაწარმოებთ და სულ მალე მისი შეძენა მსურველებს სწორედ ამ ჰიპერმარკეტებში შეეძლებათ“, – ამბობს მალხაზ ბიძინაშვილი.
არტიშოკის ღირებულება 20-30 ლარია. მეწარმე სამომავლო არტიშოკის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.
მეწარმე განმარტავს, რომ არტიშოკი საქართველოში არ არის გავრცელებული და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის.
,,არტიშოკი გამოირჩევა ძალიან კარგი ქიმიური შემადგენლობით, შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – С, В1, В2, В3, Р, А. ასევე შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავებს.
არტიშოკი ასევე წარმოადგენს დიეტურ პროდუქტს, ის კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ და ითვლება სახამებლის შემცვლელად, რომელიც შესაძლოა მოიხმარონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა. უძველესი დროიდან ეს კულტურა გამოიყენება პადაგრისა და სიყვითლისაგან გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად.
არტიშოკი არის ღვიძლის და თირკმელების ძლიერი გამწმენდი საშუალება. საკვებად გამოყენების გარდა არტიშოკისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ნაყენებს, სამკურნალო ბულიონებს და გამოიყენებენ სამკურნალო დანიშნულებით. მისი ფოთლებისა და ყუნწების ნახარში გამოიყენება როგორც ქოლესტერინის დარეგულირების საშუალება, ასევე არეგულირებს შარდმჟავას კონცენტრაციას სისხლში”,-აცხადებს მეწარმე.
კომპანიაში Geo Artichoke ასევე აცხადებენ, რომ გარდა ბევრი სასარგებლო თვისებებისა, პროდუქტს ასევე იყენებენ პირუტყვის საკვებად (მწვანე საკვები, სილოსი) და დეკორატიულ მცენარედ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებობს არტიშოკის სხვადასხვა სახეობა. კულტივირების შემთხვევაში, არტიშოკი GLOBE კარგად ეწყობა კახეთის სუბტროპიკულ გარემოს.