ახალი ამბები

,,გარბენი უკრაინისთვის” საქველმოქმედო მარათონი 5 ივნისს თელავში გაიმართება

საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება. „გარბენი უკრაინისთვის“ გააერთიანებს ასობით ადამიანს.

ღონისძიების ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. ყოველი მონაწილის რეგისტრაციის საფასური 30 ლარი, მთლიანად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელებს. სპორტული ღონისძიება ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მიმდებარედ. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მონაწილეთა ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.

,,ავტობუსები თბილისიდან დილის 09:30 საათზე, სასტუმრო redison blu iveria-ს მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ და სპორტული ღონისძიების დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდებიან. გარბენში მონაწილეები ადგილზე მიიღებენ მაისურებს საქართველო-უკრაინის დროშებით. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ მაგიდის ჩოგბურთი, ფრისბი, ხელბურთი, ფრენბურთი ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი და დაკავდნენ მშვილდოსნობით. ასევე მოეწყობა მოსასვენებელი და საკვები სივრცეები. გარბენის დისტანცია არის 8 კმ, ფინიში მოეწყობა გრემთან.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქალებსა და მამაკაცებს შორის. მათ ფასიანი პრიზები გადაეცემათ. გარბენის დასრულებისა და გამარჯვებულების დაჯილდოების შემდეგ გაიმართება ჯგუფ მგზავრების საქველმოქმედო კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსული უკრაინელები. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. გარბენის მხარდამჭერია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ჭიათურმანგანუმ ჯორჯია და თბილისის მერია”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.