კარგი ადგილი ზემო მაღაროში
ჩალაუბნიდან მაღაროსკენ გზას მივუყვებით. ვაზის ხნულებში ჩაქსოვილ ყვითელგულას ველებს ჩავუქროლეთ. გზად ნუკრიანის ხვეულებს უნდა შემოვუაროთ და სოფელ ზემო მაღაროსკენ გადავუხვიოთ.
ქიზიკური გაზაფხულის მწველი მზე აცხუნებს, მაგრამ მინდვრებს უცებ გაჩენილი ღრუბელი ეფარება. ქარაშოტი ალაგ-ალაგ შემორჩენილ მოყვავილე ხეებს სურნელოვან მტვერს ადენს და გარშემო ეფინება.
ფოტოზე: ჩალაუბნის ზვრები. (მ. მამულაშვილის ფოტო)
ვიწროდ დაკლაკნულ გზისპირებზე ხალხის გადაძახილი ისმის. ზოგი ბირჟაზე გამოსულა, ზოგიც ბაღჩა-ვენახებში გამოფენილა. გზა ზემო მაღაროსკენ უხვევს. აქ არის ის „კარგი ადგილი“, რის შესახებ მსმენოდა და რისი ნახვაც მინდოდა. ჩემი მეგზური სათემო მკვლევარი ანა მარგველაშვილი და სოციოლოგი თამარ ზურაბიშვილია. ზემო მაღაროში ახლადგახსნილ სოციალურ სახლს უნდა ვესტუმროთ. წინასწარ მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ცენტრში კარგი მასპინძლები დაგვხდებიან.
ფოტოზე: მაია ბიძინაშვილი.
ეს მაია ბიძინაშვილია. ნუკრიანში ყველას მასპინძელი და გზა-კვალზე დამყენებელი. „სათემო კავშირი ნუკრიანის“ დამფუძნებელი, „ნუკრიანის სახელოსნოების“ დედა და ახლა უკვე „კარგი ადგილის“ დიასახლისიც.
„კარგი ადგილი ხანდაზმულებისთვის“ – „კავკასიური სახლის“ სოციალური პროექტია. ცენტრი პანდემიამდე უნდა გახსნილიყო, მაგრამ უკვე ცოტა ხანში ამ ლამაზ ხის კოტეჯში ხანდაზმულებისთვის ნამდვილი თავშეყრის ადგილი გაიხსნება. კეთილმოწყობილი სალონი, სააბაზანო, სამრეცხაო და მოსასვენებელი სივრცეები ყოველდღიურობისგან განრიდების კარგი საშუალება იქნება მაღაროსა და მის მიმდებარედ მცხოვრები ასაკოვნებისთვის. „კარგ ადგილას“ მოსულ მოხუცებს კარგი ხალხი დახვდებათ: დაბანა, გარეცხვა, თმის შეჭრა-მოწესრიგება, დასვენება და ამოსუნთქვა შეეძლებათ, – ესაა ამ სახლის ფუნქცია.
„კარგი ადგილი ხანდაზმულებისათვის“ კავკასიური სახლის კიდევ ერთი წამოწყების, სოლომონ დოდაშვილის სახელობის „ჰარმონიული განვითარების კერას“ ეზოში მდებარეობს. „კერაში“ კი სოფლის ბავშვებისათვის საკვირაო სკოლა და არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი პროგრამები მუშაობს.
ფოტოზე: კარგი სახლი ხანდაზმულებისათვის.
სიმწვანეში ჩაფლული ეზო, ტყის გრილი ნიავი, წყაროს წყალი, სიღნაღის მთების უმშვენიერესი ხედებით გარშემორტყმული ნაკვეთი მართლაც რომ ზდგამოჭრილი სახელია „კარგი ადგილისთვის“.
ეზოს სიღრმეში სივრცე ბავშვებისთვისაც არის გამოყოფილი. დიდ, საჩრდილობელ ხეების ქვეშ მოწყობილ ტერასაზე ღია კინოთეატრია მოწყობილი. სახლის პირველ სართულზე კომფორტული სატრენინგო სივრცე სათემო ცენტრ „კერას“ განკარგულებაშია. საკვირაო სკოლამ უკვე ათწლეულებია არაერთი პატარა დააფრთიანა. ივნისში კი შემაჯამებელი კონფერენციისთვის ემზადებიან.
ფოტოზე: სამუშაო სივრცე
ეს ვარდისფერი, ქაღალდის ავტობუსი ჯერ მხოლოდ წარმოსახვებში დაქრის ნუკრიანისა და მაღაროს მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, მაგრამ წლების შემდეგ, როცა „კერას“ პატარა ბინადრები, სხვა უფრო ფართო გზებისკენ გაემართებიან, თან გაყვებათ საკუთარი სოფლის გემო და სურნელი. „კარგი ადგილი“ კი, როგორც სათემო მხარდაჭერის მაგალითი, სხვა უფრო უკეთესი ადგილების წინაპირობა გახდება.