საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო ფულადი შემოსავალი თვეში 1,050 ლარია
საიდან იღებს საქართველოს მოსახლეობა შემოსავლებს? – ამის დასათვლელად, საქსტატმა მოქალაქეთა შემოსავლები დათვალა. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალი 1,221 ლარი და 80 თეთრია.
ამ 1,221 ლარიდან 86% ფულად შემოსავლებს წარმოადგენს, რაც რეალურ ფულად გამოსახულებაში ოჯახზე 1,050 ლარის შემოსავალს ნიშნავს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი ოჯახი საშუალოდ 3.3 წევრისგან შედგება, რაც ერთ თვეში, ერთ წევრზე 318 ლარის შემოსავალს ნიშნავს ანუ უფრო მარტივად ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება საშუალოდ ოჯახის ერთი წევრი იყოს დასაქმებული, დანარჩენი წევრები არ მუშაობდნენ, ან ერთი წევრი იყოს დასაქმებული და დანარჩენი ორიდან ერთი მაინც იყოს პენსიონერი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახების საშუალო ფულადი შემოსავლიდან ანუ 1,050 ლარიდან ყველაზე დიდი წილი – 45.9% ხელფასზე მოდის, რაც თვეში საშუალოდ 482 ლარს შეადგენს. შემოსავლის მეორე ყველაზე დიდი წყაროა პენსიები, რაც ოჯახების საშუალო თვიური შემოსავლის 22.6%-ს შეადგენს, რაც საშუალოდ 237 ლარია. მესამე პოზიციას იკავებს თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, რაც შემოსავლის 10.2%-ია, ეს თვეში 107 ლარის შემოსავალს ნიშნავს.
უფრო მარტივად, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახში არის თვითდასაქმებული, ან პენსიონერი, ან საერთოდაც დასაქმებული, არამედ ამ სტატისტიკის მიხედვით, ოჯახებს საშუალოდ თვეში 1,050 ლარის ფულადი შემოსავლები აქვთ, ხოლო ამ შემოსავლების წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყველაზე პრობლემურია ის ფაქტი, რომ დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 45.9%-ს შეადგენს.