საქართველო დუმამ რუსული მედიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების სიაში შეიყვანა
რუსეთის დუმის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელის ვასილი პისკარიოვის განცხადებით, საქართველო რუსული მედიის დისკრიმინაციით ლიდერ ქვეყნებს შორისაა.
ბოლო 5 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსული მედიის მისამართით ყველაზე აგრესიულად განწყობილები არიან: ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი, თუმცა სიაში ასევე შეიყვანეს: მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი. პისკარიოვის თქმით, წლების განმავლობაში დასავლეთში მიმდინარეობს მასობრივი კამპანია რუსული მედიების დისკრიმინაციის მიზნით.
“საუბარია როგორც აკრედიტაციებზე უარის თქმაზე, ასევე საბანკო პრობლემების შექმნასა და მაუწყებლობის შეწყვეტაზე. გარდა ამისა, რუსული მედიების წარმომადგენლებს აჩერებენ საზღვარზე, ასევე აკავებენ მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო და იმის გამო, რომ რუსულ მედიებს წარმოადგენენ. დასავლეთს ეშინია მართალი სიტყვის, არა მხოლოდ კრძალავენ ჩვენს მედიებს თავიანთ ქვეყნებში, არამედ აწესებენ ცენზურას ჩვენს ინფორმაციულ ველში”, – ამბობს რუსი დეპუტატი.
ის აღნიშნავს, რომ შემუშავებულია კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც ისინი სარკისებრ ზომებს მიიღებენ.
“ჩვენს მიერ შეთავაზებული ზომები, მოიცავს შესაძლებლობას გავუუქმოთ რეგისტრაციები და ლიცენზიები საერთაშორისო მედიებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იქნება სწორი. ეს იქნება ადეკვატური პასუხი,”, – განაცხადა პისკარიოვმა.