როგორ უნდა მიიღონ ფერმერებმა 300 ლარიანი სუბსიდია
საქართველოს მთავრობა სოფლად, დაახლოებით 300,000 ოჯახს სუბსიდიას ჩაურიცხავს.
ამას ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 0.25 ჰა-დან 1.25 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო მიწის ნაკვეთს ფლობს.
სუბსიდიას მიიღებს ყველა, განურჩევლად იმისა, ის ამუშავებს თუ არა ამ მიწის ნაკვეთს. მთავრობის შეფასებით, ეს პროგრამა წელს სოფლის მეურნეობის სექტორის ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას შეუწყობს ხელს. პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარია.
ახალი პროგრამა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში სუბსიდიის მიღება შემდეგი პირობებით მოხდება:
სუბსიდიის გაცემის წესები:
ა) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ მესაკუთრე ბენეფიციარზე;
ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით;
დ) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია,”- ნათქვამია დადგენილებაში.
თანხების დარიგება ლიბერთი ბანკის ბარათებით მოხდება. უფრო ვრცლად პირობები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.