გაიცანით პედაგოგი და ხელოვანი 22 წლის ახალგაზრდა ფერი ისმაილოვა უზუნთალადან
22 წლის ფერი ისმაილოვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული კაბლის თემის სოფელ უზუნთალაში, დედასთან ერთად ცხოვრობს.
ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს მეორად პროფესიად კი ფსიქოლოგია აქვს არჩეული. გოგონა ამზადებს და ყიდის ხელნაკეთ ნივთებს. ის სწავლობს და ასწავლის ქართულს, უკრავს კალიმბაზე და უკულელეზე, ოცნებობს ფანდურზე დაკვრაც ისწავლოს. გარდა ამისა, ფერი ეხმარება ადგილობრივ ქალებს და გოგონებს სახელმწიფო ენის შესწავლაში და ასევე ფსიქოლოგიურ კონსულტაციებსაც უწევს მათ.
knews.ge-სთან საუბრისას ფერი აცხადებს, რომ ბრძოლა ამ ყველაფრის მისაღწევად ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო, მაშინ როდესაც მისი კლასელები დაოჯახებას იწყებდნენ.
ფერის თქმით, სწორედ მაშინ დაისახა მიზნად ბევრი ესწავლა, მიეღო განათლება და კარგად შეესწავლა სახელმწიფო ენა. ის დღეს ბევრ რამეში ეხმარება თანასოფლელებს, ქალებს. ასევე, ბავშვებს ასწავლის ქართულს და მუშაობს თარჯიმანის პოზიციაზე.
,,ვარ სტუდენტი და ვცხოვრობ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში, სადაც ცხოვრობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა. სწავლისას ფილოლოგია ავირჩიე იმიტომ, რომ ქართულის სწავლის პრობლემა გვქონდა ახალგაზრდებს. სკოლაში მასწავლებელი არ გვასწავლიდა კარგად და მქონდა სურვილი ჩემით მესწავლა.
დედაჩემს ყავს 7 და, 11 დეიდაშვილი მყავს _ბიჭები და მათი 11 ცოლი. როდესაც ის გოგონები მიდიოდნენ ექიმთან, ყოველთვის მე მივყვებოდი, რადგან არ იცოდნენ ქართული და ვეხმარებოდი. ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ მათ არ იცოდნენ ქართული. თუ არ იცი ის ენა სადაც ცხოვრობ, შენ არავინ ხარ. მეორად პროფესიად კი ფსიქოლოგია ავირჩიე. ბავშვობაში მინდოდა მყოლოდა გვერდით ადამიანი, რომელიც რჩევებს მომცემდა.
სოფელში არ გვყავდა ფსიქოლოგი და ამიტომ ავირჩიე რომ დავეხმარო ყველას. ახლა ვეხმარები ჩემს ახლობლებს და მეგობრებს ფსიქოლოგიურად, ასევე, ბავშვებს ვასწავლი ქართულ ენას. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა,’‘- ამბობს ფერი ისმაილოვა
გარდა ფსიქოლოგიის და ფილოლოგიისა, ფერი ასევე ქსოვს და ყიდის სამოსს, აქვს წიგნების ონლაინ მაღაზია. უკრავს უკულელეზე, კალიმბაზე და ახლა ფანდურზე დაკვრასაც სწავლობს. გარდა ამისა, ქმნის სხვადასხვა სამკაულებს და ,,გვირილას” ბრენდის სახელით ყიდის.
,,ჩემი საყვარელი საქმე არის ხელნაკეთი ნივთების გაკეთება, რომელსაც ,,გვირილა” დავარქვი. ვამზადებ სხვადასხვა სახის სამკაულს და ვყიდი. ბავშვობაში მინდოდა, რომ მქონოდა ჩემი საკუთარი შემოსავალი. ერთხელ ბანაკში ვიყავი, ბაკურიანში, და ვნახე, რომ გოგოები ქსოვდნენ სამაჯურს და მეც ვისწავლე. შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ მესწავლა ჩხირებით ქსოვა და ბევრი რამის კეთება შემძლებოდა.
სახლში არ გვქონდა ჩხირები და დედამ მავთულებით გააკეთა საქსოვი ჩხირები და იმით ვქსოვდი. როცა 11 წლის ვიყავი, დედა ცუდად იყო, სახლის საქმეები მიწევდა და არ მქონდა დრო მესწავლა ქსოვა. ამიტომ ძალიან ადრე, სკოლამდე ვდგებოდი და ვქსოვდი.
შემდეგ როცა თბილისში სასწავლებლად ჩავედი, ვნახე მაღაზია, სადაც იყიდებოდა ძაფები. ასე დავიწყე საქმიანობა. გავაკეთე გვერდი, სადაც მინდოდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ამეტვირთა.
როცა გვერდი შევქმენი, ჩემი კურსელები დაინტერესდნენ, მოჰქონდათ ძაფები და მე მათთვის ვქსოვდი. შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს საქმე გადამექცია ბიზნესად. მეგობარმა იცის გრაფიკული დიზაინი და ჩემთვის შექმნა ლოგო.
ხშირად ვერ ვახერხებ შეკვეთების დამზადებას, რადგან ძაფები ძვირია და დროს მოითხოვს. ონლაინ სწავლამ შემიშალა ამაში ხელი, რადგან სოფელში ვარ და რთულია ნივთის გაგზავნა.
ველოდები როდის დასრულდება ეს, რომ აქტიურად მივიღო შეკვეთები და ფოსტის საშუალებით მსურველთან შევძლო გაგზავნა”,- განუცხადა knews.ge-ს ფერი ისმაილოვამ.
ამ ეტაპისთვის, ახალგაზრდა ქართული ენის გაკვეთილებს ბავშვებს უტარებს და ცდილობს, რომ მათ კარგად ისწავლონ სახელმწიფო ენა. ის, ასევე, ორგანიზაცია ,,ფემინაში” თარჯიმნად მუშაობს.
,,ქართულ ენაში ვამზადებ ბავშვებს. მათ სახლში ყოველდღე ვიღებ. ზოგი მასწავლებელი მეჩხუბება ამას რომ ვამბობ, მაგრამ ვერ სწავლობენ სკოლაში ქართულს კარგად. ბავშვებმა არ იციან წერა და კითხვა. არ მაქვს დაფა, მარკერები, ფურცლები, რომ ბმავშვებისთვის კარგად მესწავლებინა ქართული ენა. ფეისბუქში გამოვაქვეყნე პოსტი და დავიწყე ფულის შეგროვება, რომ ბავშვებისთვის მეყიდა დაფა.
ილიას უნივერსიტეტის ერთმა ლექტორმა, რომელსაც არ ვიცნობ, მომწერა რომ მას შეუძლია იყიდოს და გვაჩუქოს დაფა. ძალიან გაგვიხარდა. გარდა ამისა, რაც ფული შევაგროვეთ იმით ბავშვებისთვის უნდა ვიყიდო სხვადასხვა ნივთები რაც სწავლაში დაეხმარებათ.
ამჟამად თარჯიმნად ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ფემინა”. ისინი აქვეყნებენ ფოტოისტორიას, მე მას ვთარგმნი და აქედან მაქვს მცირე შემოსავალი,”,-აღნიშნავს ახალგაზრდა.
ფერი ამბობს, რომ სახლში მხოლოდ დედა და თვითონ ცხოვრობენ.
მისი თქმით, თემში გავრცელებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ბევრ წინააღმდეგობას წააწყდა, თუმცა ამან არ შეაშინა და სწავლა არ შეწყვიტა.
,,რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ორი ვართ- მე და დედა. პატარაობიდან ჩემ მიმართ ახლობლებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაეშალათ ჩემი ოცნებები და სურვილები.
ამბობდნენ, რომ გოგოა, რად უნდა სკოლაში წასვლაო, არ ჩაიცვას შარვალიო, რად უნდა მუსიკა და ინსტრუმენტებზე დაკვრაო, მაგრამ მე მათ არ ვუსმენდი და ჩემს მიზანს მივაღწიე.
ახლა ისე ამაყობენ ჩემით, თითქოს წვლილი აქვთ შეტანილი ჩემს სწავლაში. მხოლოდ ერთი დეიდა დამიდგა გვერდით და დამეხმარა სწავლაში,”,- აცხადებს ფერი ისმაილოვა.