ახალი ამბები

კახეთის რკინიგზის აღდგენა თბილისში შემომავალი მანქანების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს

გადატვირთული სატრანსპორტო ნაკადების განსატვირთად თბილისის მერიას რეკომენდაციით დეველოპერული კომპანია „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი მიმართავს.

ბიზნესმენის აზრით, მაქსიმალური ყურადღება საგარეუბნო ტრანსპორტის განახლებას უნდა დაეთმოს. იგი ამბობს, რომ პროექტი თბილისი-თელავის სარკინიგზო მაგისტრალის მიმოსვლის აღდგენით უნდა დაიწყოს, რა დროსაც კახეთიდან შემომავალი მანქანების რაოდენობა განახევრდება და ტრანსპორტის ნაკადით სავსე ქუჩები განიტვირთება:

„თბილისში გადატვირთული სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა, ცხადია, ადვილი არ არის და ამას რამდენიმე მწყობრი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. ჩვენი კვლევით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისის მიმდებარე რაიონებში საგარეუბნო ელექტრომატარებლის აღდგენა და განვითარებაა. ამ მიმართულებით, ყველაზე ადვილად შეიძლება კახეთის საგარეუბნო რკინიგზა აღდგეს. სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის, თითქმის 80% ჯდება ე.წ. გზის პროფილის მშენებლობა, ხოლო დაახლოებით 20% სარკინიგზო ლიანდაგების დაგება.

ჩვენს შემთხვევაში პროფილი უკვე არსებობს და ძალიან მოკლე ვადებში, მცირე დანახარჯებით აბსოლუტურად რეალურია აღვადგინოთ და გავხსნათ თელავის მიმართულებით საგარეუბნო ელექტრომატარებლის მიმოსვლა. ევროპული სტანდარტებით, ეს არის საათზე ნაკლებ დროში დასაფარი მარშრუტი. რკინიგზის აღდგენა ძალიან ბევრი მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პირველ რიგში მკვეთრად შეამცირებდა თბილისში შემომავალი მანქანები – ჩვენი ვარაუდით, კახეთიდან შემომავალი მანქანების რაოდენობა განახევრდება, პროექტი ასევე ძალიან განავითარებს ტურიზმს და ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უფუნქციოდ დარჩენილი კახეთის საუკუნოვანი რკინიგზის შესახებ „კომერსანტი“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა. ჩვენ გიყვებოდით, რომ 35 წლის წინ თელავიდან პეტერბურგში მატარებლით ჩასვლა გადაჯდომის გარეშე იყო შესაძლებელი, დღეს ხაზზე მხოლოდ ცარიელი ელმავლები, ე.წ. დრიზინები და იშვიათად სატვირთო შემადგენლობები მოძრაობენ. 2018 წლის მარტში, ტურიზმის განვითარების ფარგლებში, ამ რკინიგზის აღმოსავლეთის მონაკვეთის აღდგენის სურვილი გამოითქვა, მას შემდეგ 3 წელი გავიდა, 3 პრემიერი გამოიცვალა, მაგრამ კახეთის რკინიგზა არ აღდგენილა.