25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყოველი მეოთხე უმუშევარია
2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით 2.1%-ით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი 3%-ით 20.6%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 4 წლის მაქსიმუმია.
უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალი 25 წლამდე ასაკის პირებშია და შემდეგ მცირედით კლებულობს, თუმცა ამ კლების მიუხედავად 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ოფიციალურადაც კი ყოველი მეოთხე უმუშევარია. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
დასაქმებულთაგან დაქირავებით დასაქმებულთა წილი 68.2%-ს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის მაჩვენებელს 0.1%-ით აღემატება, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად მცხოვრები მცირე მიწის მფლობელიც კი დასაქმებულად ითვლება, ოფიციალური სტატისტიკით სოფლებში უმუშევრობის დონე 18.2%-ა, ქალაქებში – 22.2%. რეალურად ეკონომიკური დონე სოფლებში უფრო მძიმეა, შიდა მიგრაცია სწორედ ამიტომაა სოფლიდან ქალაქში და არა პირიქით.
წინა წლების მსგავსად, უმუშევრობის დონე კაცებში კვლავ უფრო მაღალია და 22.7%-ს შეადგენს, ქალებში ანალოგიური მაჩვენებელი 17.8%-ა. თუმცა სამუშაო ძალის მაჩვენებელი ქალებში 40.5%-ა და კაცებში 62.9%.
უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი 15-19 წლის ახალგაზრდებშია და 52.2%-ს შეადგენს. 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში უმუშევრობა 41%-ა, 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 27.8%, 30-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 24.5%. ყველაზე დაბალი 6% კი 65 წელს გადაცილებულთათვისაა. 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ოფიციალურადაც კი ყოველი მეოთხე უმუშევარია.