ახმეტაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ახალი ტექნოლოგიები და მომავლის პროფესიები უფასოდ შეისწავლეს
ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია ჯეოლაბისა და ახმეტის ინოვაციების ცენტრის ერთობლივი უფასო კურსები, რომელიც ახალგაზრდებისთვის 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფინალური პროექტების პრეზენტაციებით დასრულდა.
პროექტის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ჰიბრიდულ რეჟიმში უფასოდ შეისწავლეს ახალი ტექნოლოგიების პროფესიების ბაზისები და შექმნეს მინი პროექტები – CorelDraw-ს, Front end დეველოპმენტის, სოციალური მედია და Copywriting-ის, ანიმაცია და პროგრამირების და Arduino-ს მიმართულებებით.
ახმეტის ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის დასკვნით შეხვედრაზე ახალგაზრდებმა პროექტის ფარგლებში ნასწავლი ინფორმაციების დახმარებით შექმნილი საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს და დამსწრე აუდიტორიას გააცნეს. ახალგაზრდების თქმით, მუნიციპალიტეტში მსგავსი პროექტების განხორციელება, სადაც ისინი მომავლის პროფესიებს სწავლობენ, ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებას და მეტი ახალგაზრდის დასაქმებას.
ახალგაზრდებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ტექნოპარკების ქსელის მენეჯერმა გიორგი კეჟერაშვილმა და ახმეტის ინოვაციების ცენტრის მენეჯერმა შორენა ჩაფურიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსი ფიცხელაურთან ერთად პროექტში მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით განხორციელდა.
ნახეთ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული ვიდეო მასალა, სადაც პროექტის წარმომადგენლები, განმახორციელებლები და ახალგაზრდები საუბრობენ მიღებულ ცოდნასა და საკუთარ პროექტებზე: