საქართველოში ყველაზე მაღალი უმუშევრობა ახალგაზრდებშია და 20-24 წლებში 41%-ს აღწევს
საქსტატმა დღეს დასაქმების და უმუშევრობის 2021 წლის ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, უმუშევრობა 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, 2021 წელს ქალაქებში უმუშევრობის დონე 20.3%-დან 22.2%-მდე გაიზარდა, ხოლო სოფლად უმუშევრობამ 15.8%-დან 18.2%-მდე იმატა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი უმუშევრობა ახალგაზრდებშია, სადაც 20-24 ასაკობრივ ჯგუფში ის 41%-საც აღწევს. 25-29 ასაკობრივ ჯგუფში კი უმუშევრობის დონე 27.8%-ია. შედარებისთვის 40-44 წლის ჯგუფში უმუშევრობა 17%-ს შეადგენს.