ექსკურსიის ახალი წესები – რისი დაცვა მოუწევთ სკოლებს ღონისძიების დაგეგმვისას
სასკოლო ექსკურსიებზე წასვლის წესებში ცვლილებები შევიდა. ახალი წესების თანახმად, მოსწავლეებს ექსკურსიაზე ღამისთევით წასვლა ეკრძალებათ, სკოლიდან დანიშნულების ადგილამდე მანძილი კი 150 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ექსკურსიის დროს არასრულწლოვანები არ უნდა მოხვდნენ მდინარის, წყალსაცავების, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველი ტერიტორიების მიმდებარედ.
ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.
ექსკურსიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ თუ უსაფრთხოების მიზნით მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, შემთხვევა შესაძლოა, 150 კმ მანძილზეც მოხდეს. მოსწავლეების მშობლების ნაწილს კი, მიაჩნია, რომ რეგულაციები კიდევ უფრო ადრე უნდა მიეღოთ უსაფრთხოების მიზნით.
,,გამოდის რომ ფაქტობრივად, ექსკურსიები იკრძალება? დილა და საღამოს მგზავრობას ხომ სჭირდება დრო. განა რისი ნახვა უნდა მოასწრონ ბავშვებმა რამდენიმე საათში? შემთხვევა ყოველთვის ხდება, დაზღვეული ვართ ამ რეგულაციებით რომ არაფერი აღარ მოხდება?“-ამბობს ნინო ფეტვიაშვილი.
,,შემთხვევები ხდება და კარგია, გარკვეული რეგულაციები დაწესდა. სკოლიდან დანიშნულების ადგილამდე მანძილი 150 კმ-ს რომ არ უნდა აღემატებოდეს, ცოტა რთულია ეს , თუმცა იმდენი რამ აქვთ ბავშვებს სანახავი რომ არ გაუჭირდებათ“, – აცხადებს ნათია ზარდიაშვილი.
უსაფრთხოების დაცვის კუთხით საუბრობს თელავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილიც. მიაჩნია, რომ აღნიშნული სიახლის დანერგვა ემსახურება მოსწავლეების უსაფრთხოებას:
,,საუბარია სასწავლო და სამუშაო დროს, როდესაც ბავშვი უნდა იყოს სკოლაში. მშობლებს თუ სურვილი აქვთ შორ მანძილზე წაიყვანონ შვილები, შეუძლიათ მოაწყონ ექსკურსიები და თავიანთი შვილები თვითონ წაიყვანონ. აუცილებელი არ არის ამისი ორგანიზატორი იყოს სკოლა. ადრე ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა და გაუმართავი ტრანსპორტი და გადატვირთული მოძრაობა არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული“.
ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, ტუროპერატორი, კახა სუხიტაშვილი ექსკურსისს ახალ წესებს ეხმაურება. ამბობს რომ გარკვეული ტიპის რეგულაციები უსაფრთხოების თავლისაზრისით კარგია, თუმცა 150 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს სკოლიდან დანიშნულების ადგილამდე მანძილი, არ ეთანხმება:
,,რეგულაცია იქნება ის რომ იყოს მძღოლების მეტი კონტროლი, ბავშვებს ახლდეს მედდა და იყოს სხვა საკითხები გათვალისწინებული რაც ექსკურსიებს გახდის უსაფრთხოს. ძალიან გაჭირდება ომალოელი ბავშვების წაყვანა გარეჯში ან ვაშლოვანში, რადგან 150 კმ–ზე მეტია. ეს არ არის, რეგულაცია, ეს არის შეზღუდვა. რეალურად, საშიშროება რაც არის, ისევ რჩება, ამიტომ გაუქმებას და აკრძალვებს, ჯობია, რომ უსაფრთხოების ზომები გავამკაცროთ. ძალიან მნიშველოვანია პასუხისმგებლობის გადანაწილება, ეს იქნება სკოლა, მშობელი, ტუროპერატორი თუ პროცესში სხვა ჩართული პირი. მე პრობლემა არ შემქმნია, ყოველთვის იმ გზებზე დამყავს მოსწავლეები, რომელიც კარგად ვიცი. როდესაც სკოლა დაგეგმავს ბავშვების სადმე წაყვანას, უნდა თანამშრომლობდეს ისეთ ადამიანთან ვინც გზები კარგად იცის და გამოცდილება გააჩნია ამ მიმართულებით“.
განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა რადიო ,,კახეთის ხმასთან“ საუბარში აცხადებს რომ ექსკურსია როგორც სასწავლო მეთოდი მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის რათა ისწავლონ სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით. ექსკურსია ერთ–ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად.
,,განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებებს ასე კი არუნდა იღებდეს, რომ მერე პოსტფაქტუმ ხდებოდეს მათი განხილვა. უწყება გადაწყვეტილებეში უნდა რთავდეს სპეციალისტებსა და დარგის ექსპერტებს. დღეს ეს რეალობა არ გვაქვს. ექსკურსიები განყოფელი ნაწილია სასწავლო პროცესისა. ახალი სკოლის მოდელი, კომპლექსური დავალებები, რასაც სამინისტრო გვთავაზობს, ასეთი კომპლექსური მიდგომისთვის აუციელებელია მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის, ერთ–ერთი არის ექსკურსია”.
ახალი წესების მიხედვით, ექსკურსიების ორგანიზება განისაზღვრება სამინისტროსთან შეთანხმებით, დაიწყება ექსკურსიების მძღოლების ლიცენზირებაც. განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსკურსიების ესკორტირებაც დაიწყოს.