ახალი ამბები

ხელოვანების წარმატება ქალაქ ფლორენციაში, ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაზე

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაში ხუთი ქართველი ხელოვანი ქალბატონი, მათ შორის კახეთიდან, მონაწილეობდა.

MIDA-2022-ის ღონისძიებებზე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, მანჩო გოგოჭურმა, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებმა, ციო გიგაურმა, კახეთიდან კი ლია დავითაშვილმა, ხათუნა გაბრიჭიძემ და ფატი კახნიაშვილმა საკუთარი ხელით ნაკეთი ნივთები ჩაიტანეს. ქართველმა ხელოვანებმა გამოფენაზე, ტყავისა და სხვადასხვა სახის ნატურალური ქვისგან გაკეთებული სამაჯურები, თმის სამაგრები, სამკაულები , ტიხრული მინანქარი, ღვინის ბოთლის აქსესუარები, ყურძნის დეკორატიული მტევნები და ტყავის ჩანთები წარადგინეს.

თელაველი ემიგრანტი ია წიკლაური, რომელიც MIDA-2022-ს ესწრებოდა და ხელოვანებს შეხვდა, აღნიშნავს, რომ მათი ნამუშევრები ნამდვილი აღმოჩენა იყო.

,,ფლორენციაში, 23 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენა MIDA 2022 იმართებოდა. ღონისძიებაში ხუთი ქართველი ხელოვანი იღებდა მონაწილეობას. არაჩვეულებრივია, ასეთ სასიხარულო ამბავს რომ იგებ და ასმაგად სასიხარულოა, როცა ამ ხელოვანთა შორის, შენიანს ელოდები”,- განაცხადა ია წიკლაურმა.

მისი თქმით, ქართველ ხელოვანებს სხვადასხვა სახის ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი, რომელმაც ყველას ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

,,გამოფენაში მონაწილე ერთ-ერთი ხელოვანის, მანჩო გოგოჭურის ფერწერული ტილოები კარგად არის ცნობილი. ამ გამოფენაზე კი, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელოვანმა ტყავისა და სხვადასხვა სახის ნატურალური ქვისგან დამზადებული სამაჯურები, თმის სამაგრები და სამკაულები წარმოადგინა. ამ მიმართულებით მანჩოს საქმიანობა ჩემთვის აღმოჩენა იყო. ციო გიგაურის ტიხრული მინანქარი და, ბავშვობის შემდეგ, მასთან მოულოდნელი შეხვედრა კიდევ ერთი აღმოჩენა იყო. გამოფენაზე ლია დავითაშვილის, ხათუნა გაბრიჭიძის და ფატი კახნიაშვილის სამკაულებს, ღვინის ბოთლის აქსესუარებს, ყურძნის დეკორატიულ მტევნებს და ტყავის ორიგინალურ ჩანთებსაც ნახავდით. ეს ქალბატონები ხელოვანთა საერთაშორისო გილდიის წევრები არიან. გილდია ქართული ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენებზე გატანის მიზნით შეიქმნა. რაც მთავარია, უზარმაზარ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი მსოფლიოს უამრავი ქვეყანა და მათ შორის ქართული კუთხე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, დახვეწილი და მრავალფეროვანი იყო”,- განუცხადა knews.ge-ს ია წიკლაურმა.

გამოფენაზე ხელოვან ლია დავითაშვილის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. მან საქმიანობა გურჯაანიდან ისრაელში, ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, შვილთან, თამარ დავითაშვილთან ერთად დაიწყო. იგი ამბობს, რომ მსგავსი სახის გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

,,ვართ ხელოვანთა საერთაშორისო გილდიის წევრები და ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული ნამუშევრები, რომლებიც ხელნაკეთია. გამოფენაზე მე წარმოდგენილი მქონდა ტყავის ჩანთები ექსკლუზიური ნახატებით, ხელნაკეთი სამკაულები და სხვა. საერთაშორისო გამოფენაზე ჩვენ ნამუშევრებით წარმოვადგინეთ ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთტ და გავაცანით ბევრ ადამიანს ჩვენი ნამუშევრები. ღონისძიება კი გილდიის წევრმა ციალა გიგაურმა დააორგანიზა”,– განუცხადა Knews.ge-ს ლია დავითაშვილმა.