ახალი ამბები

მკვლევარმა სტუდენტებმა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საველე ექსპედიცია განახორციელეს- ფოტოები

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში გაიმართა საველე ექსპედიცია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.

ილიაუნის მკვლევარმა სტუდენტებმა სხვადასხვა აპრობირებული მეთოდის გამოყენებით შეაგროვეს უხერხემლოების 400-მდე სახეობა როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერსა და წყალში. შესაბამის უხერხემლოთა ჯგუფებზე სპეციალიზებულმა ჯგუფის მონაწილეებმა იზრუნეს.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მკვლევარები: შოთა ჯაფარაშვილი, ალექსი მემიშიში, სოფო ბალხამიშვილი, მარიამ თოდუა, ანა ანანიაშვილი, არმენ სეროპიანი და ნატალია ბულბულაშვილი.

მათივე თქმით, კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის მიზანია 3 წლის მანძილზე 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა.

პროექტში, რომელიც 2020 წელს დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.