ახალი ამბები

„ნუ დააბინძურებ გარემოს“- ლაგოდეხში გამაფრთხილებელი ბანერები დამონტაჟდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, თვითნებური ნაგავსაყრელების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, გამაფრთხილებელი ბანერები დამზადდა.

ბანერები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა, მოწოდებით – „ნუ დააბინძურებ გარემოს“, „გაუფრთხილდი გარემოს“. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და მერიის შესაბამისი სამსახური სისტემატურად ახორციელებს ნარჩენების მართვის მონიტორინგს, მაინც გვხვდება დანაგვიანებული ლოკაციები და თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები.

„გამაფრთხილებელი ბანერები, რომელიც ჩვენ დავამზადეთ, მოიცავს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიას. მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავაბინძურებთ მას“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.