საქართველოში ძირითადი მოხმარების 305 პროდუქტიდან და მომსახურებიდან 267 გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრლიში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.8%-ით არის გაზრდილი.

უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში არსებული 305 ძირითადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებით ითვლის.

შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მოცემული 305 ძირითადი მოხმარების პროდუქტიდან უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში 267 პროდუქტი გაძვირდა. უფრო დეტალური ანალიზისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაძვირებული 267 დასახელების პროდუქტისგან 160 პროდუქტზე ფასების ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ პროდუქტებზე ინფლაცია 10%, ან უფრო მეტი იყო. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთ წელიწადში ყველაზე მეტად საქართველოში კომბოსტო გაძვირდა, დაახლოებით 290%-ით.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ძირითადი მოხმარების 305 პროდუქტიდან მხოლოდ 28 პროდუქტი გაიაფდა, ხოლო დანარჩენ 10 პროდუქტზე ფასები არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა და არ შეცვლილა.