საქართველოში 370 000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის სესხი აქვს
საქართველოს პენსიონერებსა და სოცდაუცველებს სულ 341.7 მილიონი ლარის “საპენსიო სესხები” აქვთ აღებული. ეს არის კრედიტები, რომლებიც სახელმწიფო სოციალური დახმარებით და პენსიებით არის უზრუნველყოფილი.
“ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35.4%-ია. პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, სულ 370,168 ასეთი სესხი იყო მოქმედი ანუ თითქმის ყოველ მეოთხე პენსიონერს და სოცდაუცველს მოქმედი საპენსიო კრედიტი აქვს.
საშუალოდ ერთი საპენსიო სესხის მოცულობა 923 ლარს შეადგენს. ამჟამად, საპენსიო სესხებზე “ლიბერთი ბანკის” მთლიანი საცალო საკრედიტო პორტფელის 30% მოდის.
პენსიის გამცემი ბანკი შესაძლოა შეიცვალოს, 105-მილიონიანი ტენდერი გამოცხადებულია:
აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ პენსიის და სოციალური გასაცემლების სერვისის პროვაიდერი ბანკის შესარჩევად 105-მილიონანი ტენდერი გამოაცხადა. ამ გზით შერჩეული ბანკი პენსიებს 2029 წლის 1 იანვრამდე დაარიგებს. ტენდერში ბანკებისგან წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 16 მაისამდე გაგრძელდება.
თუკი ამჟამად არსებული პირობებით, სახელმწიფო პენსიების დარიგებაში ფულს არ იხდიდა, ახლა ამ სერვისში ბანკებს დამატებით ანაზღაურებას მიაწვდის.
ტენდერში ბანკები შეირჩევიან ორი კრიტერიუმის მიხედვით, პირველი კრიტერიუმი შეეხება პენსიის დარიგების ღირებულებას ანუ რომელი ბანკი უფრო იაფად მიაწვდის სახელმწიფოს ამ სერვისს. ამ კრიტერიუმის წონა შეფასების დროს 30% იქნება.
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლითაც პენსიის გამცემი ბანკი შეირჩევა, არის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ის ხანდაზმულებსა და სოცდაუცველებზე გასცემს სესხებს. განაკვეთების საწყისი წერტილის ათვლა იწყება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების ინდექსიდან, რომელიც ამჟამად 10.6%-ს შეადგენს. მაქსიმალური განაკვეთი რომლიდანაც ტენდერში ვაჭრობა იწყება არის 15% ანუ, საუბარია 10.6%+15%=25.6%-ზე.
ანუ ბანკებმა უნდა დააფიქსირონ 15%-ზე ნაკლები განაკვეთი და სახელმწიფო შეარჩევს იმ ბანკს, რომელიც ტენდერში ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააფიქსირებს. ის თუ რამდენად დაბალ განაკვეთზე შეჩერდება ვაჭრობა, ეს ტენდერის მეშვეობით გამოჩნდება.
საპროცენტო განაკვეთის მოცულობაზე ტენდერის შეფასების კრიტერიუმის 70% არის დამოკიდებული.