TI-ის განცხადებით საჯარო უწყებებში ავტომობილის გამოყენება და საწვავზე დახარჯული თანხა უნდა დარეგულირდეს
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ უნდა შემუშავდეს გარკვეული წესი, რომლთაც საჯარო უწყებებში ავტომობილის გამოყენება და საწვავზე დახარჯული თანხა დარეგულირდება.
დღეს ორგანიზაციამ 9 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2021 წელს ადმინისტრაციებმა 230 692 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რომლის 32% [74 482 ლიტრი] უშუალოდ სახელმწიფო რწმუნებულებზე მოდის. გახარჯული საწვავის ჯამური ღირებულება კი 602 937 ლარს შეადგენს.
ამას გარდა, სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ.
“აუცილებელია, საწვავისა თუ ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს წესები, რომლითაც მკაცრად დარეგულირდება, თუ როდის და რა სახის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოიყენებენ ავტომობილებსა და შესყიდულ საწვავს”,-აცხადებენ TI-ში.