თელავის მუზეუმში შუამთის მონასტერში მოღვაწე დედაოების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში შუამთის მონასტერში მოღვაწე დედაოების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
გამოფენაზე დედაოების მიერ შესრულებული ნამუშევრები, ხელნაკეთი, სამკაულები, სანთლები, ხელნაკეთი თოჯინები, ფრესკები და სხვა ნივთებია წარმოდგენილი. გამოფენა თელავის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით გაიხსნა და ის ორი კვირის განმავლობაში გაგძელდება.
,,გამოფენის ჩატარება მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების იდეა იყო. შუამთის დედათა მონასტრის დედებმა წარმოადგინეს თავიანთი ნახელავი. არაჩვეულებრივი ნამუშევრებია და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ეს გამოფენა და მსგავსი ღონისძიებები მნიშნელოვანია ყველასთვის და მათ შორის მუზეუმისთვის. გამოფენა-გაყიდვა სავარაუდოდ 2 კვირა გაგრძელდება და გაყიდული ნივთებიდან შეგროვილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება”,-განუცხადა Knews.ge-ს მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა.
ახალი შუამთის, ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის წინამღვარი, იღუმენია იოანა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ მათთვის ეს პირველი გამოფენაა და ადგილზე წარმოდგენილი ნივთები მონასტრის დედაოების მიერ წლების განმავლობაში არის შექმნილი
,,გამოფენა-გაყიდვის გამართვაზე იყო შემოთავაზება მუზეუმის მხრიდან და ეს ჩვენთვის იყო მოულოდნელი. ვინაიდან შემოგვთავაზეს, არ ვთქვით უარი და დავთანხმდით. გამოფენაზე მონაზონთა ხელსაქმე, ასევე მონასტრის საგამომცემლო საქმიანობაა წარმოდგენილი . შეგროვილი თანხა, ერთი თეთრიც კი, რომელიც შემოდის მონასტერში ხმარდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა პატრონობას”,- განაცხადა იღუმენია იოანა ნიკოლაშვილმა.