ივანე ჩხაიძე-დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უნდა შენარჩუნდეს
ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება პანდემიის დასრულებამდე უნდა შენარჩუნდეს.
ჩხაიძე, რომელიც ქვეყანაში მოქმედი იმუნიზაციის საბჭოს წევრია, ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი შტამის გაჩენის საფრთხეს ჯერ კიდევ ხედავს, რის გამოც პანდემიას დასრულებულად არ აცხადებს.
“ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა, მაგრამ თუ განხილვა იქნება, ამ შეზღუდვის დატოვებას მხარს დავუჭერთ. პირბადის ტარების ვალდებულება აუცილებლად უნდა დარჩეს, რადგან პანდემია ჯერ დასრულებული არ არის და ახალი მუტაციის რისკები კიდევ არსებობს. ეს ერთადერთი შემზღუდავი ღონისძიებაღა დარჩა ამიტომ, მისი გაუქმების მოხსნა ჯერ ადრეა. სავარაუდოდ, 2022 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დასრულებულად გამოაცხადებს პანდემიას და ამ პერიოდამდე საქართველოს მიერ ამ აკრძალვის შენარჩუნება ძალიან კარგი იქნება”,-ამბობს ჩხეიძე.
მისივე თქმით, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება, მათ შორის ევროპის ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ სავალდებულოა.
“ორ კვირაში შეცვალა ომიკრონმა მთელ მსოფლიოში ვითარება. 26 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის ოფიციალურად აღიარა, ხოლო დეკემბრის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა. ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ ასეთი მუტაციის რისკი არსებობს. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ სადმე ახალი მუტაცია გაჩნდა, დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოშიც შემოვა”,-ამბობს იმუნიზაციის საბჭოს წევრი.
მარტიდან მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა ეტაპობრივად გააუქმა, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდა.