თელავში უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
ქალაქ თელავში მოსახლეობა უპატრონო ძაღლების სიმრავლეზე ჩივის. ისინი აცხადებენ, რომ ქუჩაში მცხოვრები ცხოველები აგრესიით გამოირჩევიან და თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება მათ მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები.
თელავში მცხოვრები თამარ მოდებაძე ერთ-ერთია, იმ ადგილობრივებს შორის, რომელიც უპატრონო და აგრესიული ცხოველების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის შესაბამის სამსახურსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
,,უპატრონო ძაღლების სიმრავლე მაწუხებს ერთ, როგორც რიგით ადამიანსაც და მაწუხებს როგორც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისის წარმომადგენელსაც, რადგან ჩვენთან მოსახლეობა ყოველდღე მოდის. ზოგი ჯოხით არის შეიარაღებული და ზოგიც ვერ შემოდის. ეს ძაღლები მშვიდები რომ იყვნენ და არ იყვნენ აგრესიულები, ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ცხოველები მეც მიყვარს, მაგრამ ისინი საფრთხეს გვიქმნიან. არაერთი ადამიანი დაკბინეს, მათ შორის მეც. იმ სპეციალურ სამსახურსაც არ აქვს სათანადო აღჭურვა, რომ აგრესიული ძაღლები დააკავონ. რომ დავრეკე მოვიდნენ, დააკავეს წყნარი ძაღლები და აგრესიულები ისევ კარებში სხედან”,- განუცხადა Knews.ge-ს თამარ მოდებაძემ.
აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ სხვა მოქალაქეებიც. მათი თქმით, ცენტრალურ გზებზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ქუჩებზე, უპატრონო ცხოველთა სიმრავლეა და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც პრობლემას უფრო ამწვავებს.
ისინი აღნიშნავენ, რომ უპატრონო ძაღლებს მოსახლეობა ცუდად ექცევა., ასევე, ისინი მუდმივად მშივრები არიან და სწორედ ეს არის მიზეზი მათი აგრესიულობის. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ მოხდება ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია და აგრესიული ცხოველების რეგიონულ თავშესაფარში გადაყვანა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
,,ყოველ წელს ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. ასევე გაიხსნა ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი, სადაც შესაძლებელია აგრესიული ცხოველების გადაყვანა, სადაც მათ კარგად მოუვლიან. განსაკუთრღებით საღამოს, გარეთ ვერ გაგვივლია მშვიდად, ბევრი ფაქტი იყო ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენის. გასულ წელს მოედანზე რამდენიმე ძაღლი გამოეკიდა ქალს და დაკბინეს. ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას’’,- განუცხადეს Knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა სხვა ადგილობრივებმა.
მმართველი პარტიიდან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თინათინ ხანჯალიაშვილი აცხადებს, რომ მიუსაფარი ძაღლების პატრონობისა და მართვის წესის დამტკიცების მიზნით, საკრებულოში წარადგინა ინიციატივა, რომელზეც ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკრებულოში შეხვედრაც გაიმართა.
“ცხოველთა პოპულაციის მართვის წესი გულისხმობს მიუსაფარი ძაღლების შეგროვებას, სტერილიზაციას, ვაქცინაციას, მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დამაგრებას და შემდგომ მათ ბუნებრივ საცხოვრისში დაბრუნებას. ის ამავე დროს ითვალისწინებს ძაღლებისა და კატების პასპორტიზაციას, მათი მიკედლების წახალისებას და ცხოველთა და ადამიანთა უსაფრთხო თანაცხოვრებაზე საინფორმაციო კამპანიას. ამ მიდგომის თანმიმდევრული განხორციელების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, თელავის მუნიციპალიტეტში დაცული იქნება ადამიანის და ძაღლების უსაფრთხო თანაცხოვრების უფლებები“, – განაცხადა თინათინ ხანჯალიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, ბოლო სამ წელში რეგიონში ცხოველებისგან დაკბენა-დადორბვლა- დაკაწვრის 12 304-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 2018 წელს რეგიონში დაფიქსირდა 4 456 შემთხვევა, 2019 წელს 4 464 , ხოლო 2020 წელს -3 384.