ახალი ამბები

თელავში ველო-ფესტივალი 2022 გაიმართება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება “თელავის ველო-ფესტივალი 2022”.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი 7 მაისს 12:00 საათზე დაიწყება.

,,ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს განურჩევლად სქესისა და ასაკის, ასევე, მონაწილეობის მსურველებს რომელთაც არ აქვთ ველოსიპედი, სპეციალურად “თელავის ველო-ფესტივალი 2022” – სთვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ღონისძიების მსვლელობისას გადასცემს მათ სპორტული სტანდარტების 20 ველოსიპედს, რადგან ყველამ შეძლოს ველო-ფესტივალში სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.

“თელავის ველო-ფესტივალი 2022” გაიხსნება VELO-RUN -ით, მონაწილეები სტარტს აიღებენ თელავის ფიქრის ხიდიდან მეფე ერეკლე II -ს მოედნის გავლით ნადიკვრის მიმართულებით, ნადიკვრიდან მსვლელობას განაგრძობენ ბარნოვის ქუჩით მეფე ერეკლე II -ს მოედანზე ჭავჭავაძის მოედნამდე (ქართუ ბანკის და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია).

ჭავჭავაძის მოედნის ბაღში (პირველი სკოლის და მეფე ერეკლე II – ს სასახლის გალავნის წინამდებარე ბაღში) ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ველო-რბოლა PRO და მოყვარულთა კლასიფიკაციებში, თითოეულ კლასში ველო-რბოლა ჩატარდება სხვადასხვა სახეობებში: “ლევან ბადრიშვილის ტიპის ველო-შეჯიბრი”, წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები), წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები, დაბრკოლებები, ტრამპლინი), დრიფტი მაქსიმალურ მანძილზე, Wheelie, Manual Wheelie, Stop Wheelie, Best Tricks (stunt), Bunny Hop, Track Stand (ბალანსი)

თითოეულ შეჯიბრში მონაწილეთა შორის მესამე ადგილოსანს მიენიჭება 1 ქულა, მეორე ადგილოსანს 2 ქულა, პირველ ადგილოსანს 3 ქულა. ყველა სახეობის შეჯიბრში მიღებული ქულები დაჯამდება და ველო-ფესტივალის დასასრულს გამოვლინდება მესამე, მეორე და პირველი ადგილოსნები, პირველ ადგილოსანს გადეცემა თასი და “King of Telavi Cycling Festival 2022” – ის ტიტული. გამარჯვებულებს დააჯილდოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი’’,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.