ახალი ამბები

უფასო საკვები თელავში მცხოვრები მოქალაქეებისათვის

თელავში მცხოვრები რეზო ღაზიაიძე თანაქალაქელებს საკვებით რამდენჯერმე დაეხმარა.

მან, ქალაქის ცენტრში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები მეორედ დაარიგა.

“ვარ ექიმი, სტომატოლოგი. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, წარმოშობით ვარ თუში, სოფელ ალვნიდან. მოსახლეობის დახმარების იდეა სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ საღამოს თელავში ყოფნისას გამიჩნდა.

თავდაპირველად რამდენიმე მეგობარი ჩავრთე ამ საქმეში და პირველი ასეთი აქცია იანვარში გავაკეთეთ, სადაც სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს თაფლი, პური და მაკარონი დავურიგეთ“, – ამბობს რეზო ღაზიაიძე.

თელავი მისთვის საყვარელი ქალაქია, აქ მან ბავშვობა და სკოლის პერიოდი გაატარა. საქველმოქმედო აქციის გაკეთების სურვილიც ამიტომ გაუჩნდა.

„ჩემთვის ეს ქალაქი ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ჩემი და ჩემი მეგობრების დახმარებით, თუნდაც რამდენიმე დღის შემსუბუქება გაჭირვებული ადამიანებისთვის ძალიან სასიხარულოა.

ჯერ სულ ორი აქცია ჩავატარეთ და მთლიანობაში, დაახლოებით, 160 ადამიანს დავეხმარეთ. არ ვაპირებთ გაჩერებას და სამომავლოდ კვლავ დავეხმარებით მოსახლეობას“.

აღდგომის დღეს პირველ აქციასთან შედარებით, მასშტაბური საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. 7 სახის საკვები პროდუქტი 100 ადამიანზე იყო გათვლილი.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და სიმართლე გითხრათ არ ველოდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმარო რაც შეიძლება ბევრ ადამიანს.

მინდა აღვნიშნო, რომ შეძლებისდაგავარად ბევრი მეგობარი დამიდგა გვერდში და ერთობლივი ძალებით გავახარეთ გაჭირვებული ადამიანები.

სასიამოვნო სანახავია მადლიერი ადამიანების თვალების დანახვა, ასევე, პროდუქტებით ხელში, რომ მიდიოდნენ.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ლამაზი დღის შექმნაში. ერთად ყველაფერს შევძლებთ”,- განაცხადა Knews–სთან რეზო ღაზიაიძემ.