,,ჩვენ ვიბრძვით შენით შთაგონებულები – უნდა ვუთხრათ უსამართლობას – არა!“
წნორში, 4 დეკემბერს, პოლიციის მიერ დაკავებული ლევან ბიძინაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.
ოჯახის ახლობლები აცხადებენ რომ ის უდანაშაულოა და რის გამო დააკავეს არ იციან. ოჯახის ახლობლის, მამიდის, მაია ბიძინაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი 4 დეკემბერს წნორში დააკავეს.
,,ლევანი დააკავეს წნორი–ტიბაანის დამაკავშირებელ გზაზე. არის უსამართლო პატიმარი არაფრის გამო. ლევანი თავს დამნაშავეთ არ გრძნობს და არ აღიარებს დანაშაულს,“ – აცხადებს knews.ge–სთან მაია ბიძინაშვილი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდის მიერ საკანში დაწერილი წერილები, სადაც ის აღნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილებიდან მცირე ამონარიდს. სტილი დაცულია.
,,გამარჯობათ ჩემო მეგობრებო, ჩემო იგივე ოჯახის წევრებო. ყველას დიდი მადლობა ჩემი გვერდზე დგომისთვის, ჩემი ოჯახის გვერდზე დგომისთვის. თითოეულ სიტყვას და წამიერ ფიქრსაც კი ვგრძნობ ჩემს მიმართ გავლებულს და ნათქვამს მე აქ. ციხე ისეთი რამ ყოფილა რომ მთელ შენს ცხოვრებას ხელახლა და ფეხდაფეხ გაფასებინებს და გადაგაფასებინებს. გადაგაფასებინებს ასევე, შენს გევრდზე მყოფ თითოეულ ადამიანს. აქედან დანახული თითოეული შენი ახლობელი ადამიანის საქციელს ხედავ იცით როგორ? დაახლოებით რომ მიგახვედროთ შევადარებდი ასეთ სიტუაციას. ოჯახის წევრი რომ გარდაგეცვლება და დაკრძალვის დღეს თითქოს გარშემო რა ხდება არ იცი ვინ მოდის, ვინ მისი, ირგვლივ ორომტრიალია და სიცივე. არადა, დაკრძალვის მერე ღამე წვები შენს ტკივილთან ერთად და თვალწინმ გიდგება თითოეული ადამიანი ვინ იყო მოსული შენი ტკივილის გასაზიარებლად და ვინ არა. ასევე, იგრძნობა ციხიდან ვინ. მე მზად ვარ ბრძოლისთვის და ჩემი უტყუარი სიმართლის დასამტკიცებლად. იბრძოლეთ თქვენც!!! უკეთესი მომავლისთვის!!! ჩვენი რაიონის და ჩვენი ქვეყნისთვის!!! ჩვენი შვილებისთვის!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!“, – წერს წერილში ახალგაზრდა.
წნორში მცხოვრები ახალგაზრდა, ,,ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აღნიშნულს ფაქტს და წერს:
,,ცოდნის კაფეს მშენებლობას რომ ვიწყებდით, ვისი იმედიც მქონდა, რომ რაც არ უნდა გამჭირვებოდა დავურეკავდი, ან მივადგებოდი და ამიხსნიდა ლევანი ბიძინაშვილი იყო. რაც შეეძლო და ზოგჯერ რაც ძნელად შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა “ცოდნის კაფეს” ასაშენებლად. ვერაფრით ვანსხვავებდი გუნდის წევრისგან. ჩემთვის, სრულიად გაუგებარი ბრალდებით დააკავეს. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში ჩადებების დრო დასრულებულია!!“, – წერს ნანა ბაგალიშვილი.
ოჯახის ახლობლების თქმით, საქმის განხილვა გუშინ, 21 აპრილს დაიწყო. შემდეგი სასამართლო სხდომა კი, 10 აპრილს ჩაინიშნა.