ახალი ამბები

სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის კახეთში 19 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური აშენდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოსო ქინქლაძეს განცხადებით, სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის საჭირო ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებიდან ყველაზე მეტი კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განთავსდება.

მისი თქმით, კახეთში დონორების დაფინანსებით შეძენილი 19 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური განთავსდება. სოსო ქინქლაძეს თქმით, კახეთში არსებულ 23 სადგურს კიდევ 19 დაემატება და სულ 42 სადგური იფუნქციონირებს.

„სადგურების დამონტაჟებას თავისი კრიტერიუმები გააჩნია. მთავარი კრიტერიუმი ეხება მოწყვლად რეგიონებს, სადაც ისტორიულად სტიქიური მოვლენების მიმართ არის მიდრეკილება. 2023 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 300-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური იქნება განთავსებული.
დიდ წილად აქცენტი აღმოსავლეთ საქართველოზე გაკეთდება, მათ შორის, კახეთის რეგიონზე, პირველ რიგში. ცხადია, კახეთის რეგიონი ერთ-ერთი აქტუალური რეგიონია სტიქიური უბედურებების კუთხით, მაგრამ დასავლეთ საქართველოშიც ხშირია უხვნალექიანობა. ხაზგასასმელია ის, რომ მხოლოდ სადგურების რაოდენობა არ არის მთავარი განმაპირობებელი, იმისთვის, რომ ესა თუ ის ტერიტორია კარგად გაშუქდეს. კიდევ უამრავი ფაქტორია.
გარდა ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებისა, არსებობს დაკვირვების სხვა საშუალებები, მაგალითად მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც გაცილებით კარგად და ეფექტურად აგროვებს მოსალოდნელ ნალექებზე ინფორმაციას. შემდეგ ხდება სხვადასხვა დაკვირვების ტიპებიდან ინფორმაციის შეკრება და საერთო პროდუქტის გამოყვანა“,-
განაცხადა სოსო ქინქლაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს კიდევ 154 დაემატება, ამით ქვეყნის ტერიტორიის სრულად მოცვა მაინც ვერ მოხდება.