სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივნისიდან 150 ლარამდე გაიზრდება
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივნისიდან, არსებული 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.
„მინდა, დავიწყო საუბარი ბავშვთა უფლებების დაცვით. მოგეხსენებათ, მათზე ზრუნვა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი, დღეს კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. ანუ აღნიშნული დახმარება თითო ბავშვზე შეადგენს 150 ლარს.
ასევე მინდა, გითხრათ, ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი, ასევე ეს დახმარება მომავალ წელსაც გაგრძელდება და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს. ბავშვებზე ზრუნვა არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. ჩვენ ყველას გვაღელვებს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ სხვა სახის დახმარების გაცემას, გაზრდას, მათ შორის სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის დასაქმების პროგრამა და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარება სწორედ ამ მიმართულებით არის გაკეთებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.