იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებს
იმუნიზაციის საბჭოზე კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებენ.
აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე დოზასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გააჟღერებენ. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მალე გაიმართება, სადაც განისაზღვრება, თუ ვინ რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაიკეთოს ვაქცინის მეოთხე დოზა.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სერიოზული ანალიზი გააკეთა მეოთხე დოზასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ მალე შედგება იმუნიზაციის საბჭო. ეს იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია ვის, როგორ, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მეოთხე დოზა, ანუ მეორე „ბუსტერი“. ამაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გავაჟღერებთ“, – აღნიშნავს გამყრელიძე.