მწარმოებლები- 2021 წლის აღდგომის პერიოდთან შედარებით პასკა 15-20-%-ით გაძვირდა
2021 წლის წინასააღდგომო პერიოდთან შედარებით, წელს პასკაზე ფასი 15-20-%-ით გაიზარდა.
ბიზნესის განმარტებით, ეს იმპორტირებული ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. ისეთი იმპორტირებული ნედლეულის მაგალითად, როგორიცაა ფქვილი, შაქარი, კარაქი და ზეთი. გაძვირებულია შესაფუთ მასალებზე ფასებიც. კომპანიებში ამბობენ, რომ აღდგომის კვირაში ფასის მატება აღარ მოხდება და ამჟამინდელი ღირებულება საბოლოოა.
“სანდომის” გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი საბა მამალაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტი მათთანაც დაახლოებით 15-20%-ით გაძვირდა, თუ გასულ წელს წინასააღდგომოდ კომპანიაში ერთ ცალი პასკის ფასი 4.20 ლარი იყო, ახლა იგივე პროდუქტის ღირებულება 4.80 ლარია. მამალაძის თქმითვე, პასკაზე ფასის ზრდის მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია.
“ნედლეული შაქარი და ფქვილი გაგვიძვირდა. როცა 1 ტომარა შაქარი დაახლოებით 120 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 150 ლარია, ხოლო ფქვილის ღირებულება 65-70 ლარი იყო, დღეს უკვე 80 ლარი და მეტია. შედეგად, ფასმა ჩვენს პროდუქციაზეც მოიმატა. ერთეული პასკის ფასი 3.50 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს, ფასი ზომაზე და შემადგენლობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მოთხოვნას, გასულ წელთან შედარებით 150%-ით გვაქვს გაზრდილი. მოთხოვნის ზრდა გამოიწვია იმან, რომ გასულ წელს ადამიანებს საფლავზე გასვლის საშუალება არ ჰქონდათ, ხოლო წელს ეს ნებადართულია”, – აღნიშნა საბა მამალაძემ.