ახალი ამბები

სახელმწიფო კლინიკებს ახალი მეთოდით დააფინანსებს

ჩვენი მიზანი არის ის, რომ იმ სერვისში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, კლინიკებმა მოქალაქეებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ და ფასიც ადეკვატური, სამართლიანი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

„მეორე მხრივ, ეს ეკონომიკას და ბიზნესს ეხმარება, რადგან ასეთი მომსახურების შემთხვევაში, კლინიკებს გარანტირებულად ჰყავთ პაციენტები და იღებენ შესაბამის შემოსავალს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა კლინიკა ამ სისტემაში არეგისტრირებს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისებს თუ მომსახურებებს და ფასები რადიკალურად განსხვავებულია. ერთი და იგივე ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე საშუალო ფასი შეიძლება, იყოს 3 000 ლარი, მაგრამ რომელიღაც კლინიკას შეიძლება, ჰქონდეს 13 000 ლარი, რომელიღაცას 7 000 და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უწევს ამ არაკეთილსინდისიერებასთან ბრძოლა“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ზუსტად აქედან გამომდინარეა ე.წ დიარჯის (DRG) სისტემა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ნერგავს, რათა ჯანდაცვის კუთხით სხვადასხვა მომსახურებაზე სამართლიანი ფასები დაადგინოს.

„ჩვენ საპილოტე რეჟიმში გავუშვით ე.წ. დიარჯის სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია აპრობირებული. ეს სისტემა ბაზარზე არსებული კლინიკების ფასიდან სხვადასხვა მომსახურებაზე თუ სერვისზე სამართლიან ფასს თვლის და ამ სამართლიანი ფასით სახელმწიფო ახდენს ანაზღაურებას. ეს სისტემა დღეისთვის უკვე პირველი აპრილიდან დაიწყო, არის სატესტო რეჟიმში, რამდენიმე თვე დავაკვირდებით და მერე სრულად დავნერგავთ. ამ სისტემის მიხედვით, ჩვენი ჩარევის გარეშე გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც ჩვენ გადავიხდით ჩვენი მოქალაქეების მკურნალობისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.