ახალი ამბები

NATO უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას დათანხმდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1.5 თვის შემდეგ, NATO-ს წევრი ქვეყნები კიევისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით იარაღი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების გასათავისუფლებლადაა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.

ანტისატანკო და ანტისაჰაერო თავდაცვით იარაღს უკრაინას ომამდეც აწვდიდნენ და ომის პერიოდშიც. დასავლური დახმარება კიევს დამპყრობლის შეკავებაში და კიევის ოლქიდან გაძევებაში დაეხმარა, თუმცა სრული გამარჯვებისთვის ჯაველინები და სტინგერები უკვე არასაკმარისია. პრეზიდენტი ზელენსკი, ფაქტიურად ინტერვენციის პირველივე დღიდან შეტევითი ტიპის შეიარაღებას, თვითმფრინავებს, ტანკებსა და რაკეტებს ითხოვს, რაზედაც რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილების მოტივით ამ დრომდე ბრიტანეთი და შეერთებული შტატებიც თავს იკავებდნენ. დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება.

7 აპრილს აშშ-ის სენატმა 100 ხმით 0-ის წინააღმდეგ უკრაინის სასარგებლოდ ლენდ-ლიზის განახლებული პროგრამა დაამტკიცა. კონკრეტულად რა შეიარაღებას მიაწვდიან უკრაინას უცნობია, თუმცა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა რომ მოკავშირეები კიევის მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ალიანსს ზელენსკიც და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც აჩქარებს, მათი თქმით ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინაში უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლს ზრდის.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ბლიც-კრიგის გეგმა ჩავარდა, მაგრამ ქალაქების მასობრივ დაბომბვას უკვე 7000-ზე მეტი სამოქალაქო პირი შეეწირა, მხოლოდ ბუჩაში მოწყობილი ხოცვა-ჯლეტის დროს 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ბევრი სიკვდილამდე აწამეს მათ შორის ქალები და ბავშვებიც, ზოგ მათგანს მკველობის მომენტში ხელები ჰქონდა შეკრული.