ახალი ამბები

რომელ სამუშაოებზეა მოთხოვნა სოციალურად დაუცველების მხრიდან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სამუშაოებიდან ყველაზე მოთხოვნადი დასუფთავების, გარემოსდაცვითი და მცირე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ამის შესახებ ბარკალაიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაზე მეტად, ამ ეტაპზე, მოთხოვნადია სხვადასხვა ტიპის დასუფთავების სამუშაოები, შიდა თუ გარე ტიპის დასუფთავების სამუშაოები, მათ შორის, სკვერების, ასევე, გამწვანება, გარემოსდაცვითი სამუშაოები, სატყეოსთან თანამშრომლობით, ტყის მონიტორინგი და სატყეოსთან დაკავშირებული სამუშაოები, ასევე, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღობეების შეღებვა იქნება ეს თუ მსგავსი ტიპის მცირე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები.

გარდა ამ სამუშაოებისა, ასევე დაგეგმილია სხვა ტიპის სამუშაოების დამატებაც. საუბარია სასოფლო-სამეურნეო ტიპის სამუშაოებზე, სეზონურ სამუშაოებზე, ასევე, საუბარია და გარკვეული მობილიზება უკვეა გაკეთებული, ე.წ. ამინდის მონიტორინგის მიმართულებით. არის ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით სამუშაოები და ვაგრძელებთ ვაკანსიების როგორც მრავალფეროვნების, ასევე რაოდენობის გაზრდას“,-განაცხადა ბარკალაიამ.