ივა ჭყონია- სოფლის მეურნეობის პროდუქტების 10%-იანი გაძვირებაა მოსალოდნელი
ნავთობპროდუქტებზე საგრძნობლად გაზრდილი ფასების და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის ფონზე, ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 10%-იან ზრდას აანონსებენ.
ფასების შენარჩუნება მოგების მარჟის შემცირებით ამ ეტაპზე ხდება, თუმცა მცირე დროში, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, მაგალითად, იგივე ბოსტნეულზე, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. საქართველოში დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია განმარტავს, რომ მიწის დამუშავებიდან დაწყებული, მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქციის მიწოდებით დასრულებული, ყველა ხარჯი საწვავის ფასზე პირდაპირპროპორციულად მიბმულია.
მისივე განმარტებით, მიმდინარე სეზონზე ფერმერებს მიწის დამუშავება 20-30%-ით გაუძვირდათ. მაგალითად, გაორმაგებულია ფასები სათესლე მასალებზე, ჩითილებზე და სასუქებზე. ჭყონია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მატებას 10%-ით ვარაუდობს, თუმცა გააჩნია პროდუქტს, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის არსებობას და ამინდებს. ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტზე ფასი შესაძლოა 20-25%-იანი ზრდაც მოხდეს.
იგივე პრობლემებზე და პროდუქტების მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ სხვა მწარმოებლებიც.