ბოლო სამ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 8 929-ით გაიზარდა
საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო სამ თვეში 8 929 ადამიანით გაიზარდა.
2021 წლის დეკემბრის თვეში საარსებო შემწეობა 174 379-მა ოჯახმა, ანუ 643 167-მა ადამიანმა მიიღო, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში კი ეს რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, იანვარში საარსებო შემწეობა 648 176-მა ადამიანმა მიიღო, თებერვალში – 650 584-მა, მარტის თვეში კი სახელმწიფოსგან დახმარება 176 837-მა ოჯახს, ანუ 652 096 პირს ჩაერიცხა. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხულმა თანხამ იანვარში 44 308 911 ლარი, თებერვალში 44 331 988 ლარი, ხოლო მარტში 44 413 040 ლარი შეადგინა.
მარტში, დახმარების მიმღებ ადამიანთა რაოდენობა კახეთში- 66 570 პირი იყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში სოციალური დახმარება 146 619 ოჯახმა, ანუ 524 598 ადამიანმა მიიღო; 2019 წლის დეკემბერში 119 582 ოჯახმა, 427 373-მა ადამიანმა; 2018 წლის დეკემბერში კი 127 819 ოჯახმა, 435 450 ადამიანმა.