ახალი ამბები

თელავში, საცხობებში პური გაძვირდა

რამდენიმე დღეა თელავში, პური საცხობებშიც გაძვირდა. ადგილობრივები პურს ოცი თეთრით ძვირად, 1.20 ლარად ყიდულობენ.

თონეებში აცხადებენ, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 90 ლარზე მეტი ღირს. მათი თქმით, პურზე ფასის ზრდა სწორედ ამან გამოიწვია.
ორი კვირის წინ თელავში გაძვირდა შეფუთული პურიც და მისი ღირებულება 1.20 თეთრი გახდა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, ლევან სილაგავა უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ამბობდა, რომ საქართველოში ორი თვის მარაგი არსებობს. მისი თქმით, საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის 90 პროცენტი რუსეთიდან შემოდის.

უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო, რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და საქართველოდან უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება შეუძლებელია, თუმცა რუსეთიდან იმპორტი ჯერ კიდევ არსებული კონტრაქტებით, შეჩერებული არ არის.

სპეციალისტები, საქართველოსათვის ხორბლისა და ფქვილის ახალ ბაზრებად ყაზახეთსა და რუმინეთს განიხილავენ, სადაც ფასი უფრო მაღალია.